თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს – გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე იხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თავის მხრივ, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმნენ.
სახელმწიფო ბრალდება ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის მტკიცებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები არსებობს. დაცვის მხარე კი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
ადვოკატების თქმით, საჯაროდ გავრცელებულ კადრებში მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ფაქტები არ ფიქსირდება, მით უფრო, არ იკვეთება ჯგუფური დანაშაულის კვალი.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?