თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, თუმცა, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურად ესწრებოდა, რის გამოც, მოწმეთა დაკითხვა აღარ მოხდა. სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა.
პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ისევ არსებობდა. კერძოდ კი, თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს, რის გამოც პატიმრობა უცვლელი უნდა დარჩენილიყო.
ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ისინი შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ, რის განსაზღვრასაც მას მიანდობდნენ. უფლებადამცველები სასამართლოს ბრალდებულების მიმართ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდნენ.
სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმაც და მათ სასამართლოს უთხრეს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.