ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ყოფილი უფროსის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
საუბარია დაახლოებით 9 000 ბიტკოინზე, რომლის ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 850 მილიონია. ბაჩიაშვილის ადვოკატი, სოფო ქურთაული განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში ქონებას დაუყადაღებენ არა მხოლოდ ბაჩიაშვილს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც.
“დღეს სასამართლომ დაუყოვნებლივ [7 დღის ვადაში] აღსრულების გადაწყვეტილებით და მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებით დაადგინა არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი, არამედ სხვა პირთა ქონებების რეალიზაციაც […] ეს პირები საერთოდ არანაირი სტატუსით არ ყოფილან ჩართული სამოქალაქო საქმეზე და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ პირთა ქონებებიც იძულებით აღსასრულებლად გადაეცა.
[…] დღევანდელი გადაწყვეტილება განაჩენსაც კი გასცდა და სასამართლომ დაადგინა არა მხოლოდ ბიტკოინების დაბრუნება, არამედ, თუ ვერ დაბრუნდებაო, სამომავლოდ, ანუ გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის რა ღირებულებაც ექნება, ის თანხა გადაიხადოს ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმაო”, – განაცხადა სოფო ქურთაულმა “ფორმულასთან” საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. ბიტკოინების საქმეში. 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – ე.წ. ე.წ. მტკვარი ჰესის საქმე, რომელზეც მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საზღვრის უკანონო კვეთის საქმე.
ამ ეტაპზე ბაჩიაშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. დაახლოებით ერთი კვირის წინ მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის სცენარზე საუბრობდა. ადვოკატის თქმით, ინფორმაცია ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან აქვთ.
ამავე თემაზე:
· ბაჩიაშვილის ადვოკატი მის შესაძლო მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს
