თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება.
ამ წუთებში, მმართველი პარტიის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებს აკეთებენ, ხოლო პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სინამდვილეში ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს საქართველოს მოქალაქეებს უცხადებენ და არა საკრებულოს სხდომის მიმდინარეობას.
„ისინი ბოიკოტს აგრძელებენ, ოღონდ ეს ბოიკოტი ჩვენს მიმართ არ არის, ეს ბოიკოტი არის თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს. ეს სერიოზული საქციელი არ არის. სჯობს, რომ ისინი სხდომათა დარბაზში იყვნენ, კომისიის სხდომებში მონაწილეობა მიიღონ და იმ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღონ, რომელიც ჩვენი თბილისელებისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მათ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ”, – განაცხადა ტყემალაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში უკვე რამდენიმე სხდომა ისე ჩატარდა, რომ მას ოპოზიცია არ დასწრებია. ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. ბოიკოტის რეჟიმში ამ დროისთვის, იმყოფება პარტიები – „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. აღნიშნული პარტიების გარდა, სხდომას არ ესწრებიან „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატები.