თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

6-7 ივლისს, ბორჯომში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო, თბილისის საკრებულოს წევრებისთვის სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობის და პრევენციის მექანიზმების გაცნობა; სექსუალური შევიწროების თაობაზე მგრძნობელობისა და ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობა, საქმეთა შესწავლის პრინციპებისა და მეთოდების, ასევე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაცნობა.
„შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა გაეროს გალთა ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ტრენინგმა საკრებულოს წევრებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა სიღრმისეულად განეხილათ ისეთი თემები, როგორიცაა სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეაგირება.
ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი უძღვებოდა. მან სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე, მუნიციპალიტეტებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტის მიღებაზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი 2024 წლის თებერვალში მიიღო, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
19 საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უკვე დამტკიცებულია. აღნიშნულ უწყებებს შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საჯარო სამსახურის ბიურო, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმი ითვალისწინებს პრევენციის ღონისძიებებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული სპეციალისტი/მრჩეველი ახორციელებს. მექანიზმი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან აცილებას და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლების ინფორმირებულობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?