თბილისის საკრებულოს „გახარია საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ, რომ გმირთა მოედანთან მდებარე ე.წ. 11 სართულიანი შენობის პრობლემით დაინტერესდეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, ე.წ. 11 სართულიანის მოსახლეობას აწუხებს საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რის გამოც ისინი წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
შარაშიძის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მცხოვრებელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც უხარისხოდ, არაკომპეტენტურად და არაკვალიფიციურად ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„საკანალიზაციო სისტემა, რომელიც თავის დროზე გაკეთდა, გათვლილი იყო მხოლოდ ამ ერთ, 11 – სართულიან სახლზე, მაგრამ დღეს, უკვე ყველა მიმდებარე შენობა, მათ შორის ახალი მშენებლობები დაერთებულია ამ ძველ სისტემაზე და შესაბამისად, საკანალიზაციო სისტემას შეექმნა გამტარუნარიანობის პრობლემა და ამის შედეგად, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში პირდაპირ სარდაფებში ამოდის კანალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, გაუსაძლის, ანტისანიტარიულ მდგომარეობას. მიუხედავად მოსახლეობის არაერთგზის მიმართვისა GWP-ს, თბილისის მერიის შესაბამისის სამსახურების მიმართ, არავინ დაინტერესებულა და არავის სერიოზული რეაგირება არ ჰქონია. ამიტომ, ჩვენ, ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ , გახარიას გუნდი თბილისის საკრებულოში პირდაპირ მივმართავთ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს და მოვუწოდებთ, თუ მას სურს თბილისის რეალური პრობლემების გადაჭრა პირადად მობრძანდეს აქ, დაინტერესდეს მოსახლეობის პრობლემებით და თავი დაანებოს, მათ შორის რუსთაველის რეაბილიტაციას, რომელსაც არ აქვს ისეთი გაუსაძლისი ვითარება, როგორიც ამ შენობას აქვს. რეაბილიტაციის გზით რომ ცდილობს დაშალოს მშვიდობიანი პროტესტანტები ეს მას არ გამოუვა. აქ ელოდება მას ხალხი, რეალური პრობლემა და თუ მას სურს რეალურ პრობლემა გადაუჭრას თბილისელებს სასწრაფოდ მოვიდეს, გასწიოს შესაბამისი შუამდგომლობა GWP-სთან, რომელიც მართალია კერძო კომპანიაა, მაგრამ უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ სამუშაოების შესრულებაზე და ადგილობრივ მოსახლეობას შვება მიეცეს“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
აღნიშნული განცხადება გიორგი შარაშიძემ ე.წ. 11 სართულიანთან, პარტიის წევრებთან, ტატა ხვედელიანთან და სალომე კობალაძესთან ერთად გააკეთა.