მომავალი სასწავლო წლისთვის თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 8 ივლისიდან დაიწყება. ბავშვი, რომელიც 16 სექტემბრის ჩათვლით არ იქნება 2 წლის, მას მშობელი სისტემაში ვერ დაარეგისტრირებს.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი – 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ:
· სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
· სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
· საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
· მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
· მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
· საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
· ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
· თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი – დაიწყება 15 ივლისს 10:00 საათზე და დასრულდება 21 ივლისის 00:00 საათზე. ამ პერიოდში ყველა შესაძლებელი იქნება თბილისში რეგისტრირებული ბავშვების აღრიცხვა. მესამე ეტაპი კი, რომელიც 22 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება, საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს.
ფორუმი