თბილისის საახალწლო ნაძვის ხე თავისი აქსესუარებით წელს 720 000 ლარი დაჯდება. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული „თბილსერვის ჯგუფმა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თბილიისის მერიაა, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეთავაზება მხოლოდ ერთი შპს „ღამის შოუ სტუდიისგან“ მიიღეს. 31 ოქტომბერს კი ხელშეკრულება ამ კომპანიასთან გაფორმდა, რომელმაც 10 000 ლარით ნაკლები ფასი შესთავაზა. ხელშეკრულება ძალაშია: 31.10.2023 – 29.02.2024
როგორც ტენდერის დოკუმენტაციაშია ნათქვამი, ნაძვის ხე ორ სეგმენტიანი 24 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს, ექნება 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება. 100 ცალი მოსართავი აქსესუარი ნეიტრალური ნათებით, მათ შორის: გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავი მოცულობითი 3D, კონტურული ფიფქი , კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშო.
პროდუქციის გარანტიად მოთხოვნილია არანაკლებ 2 წელი.
რაც შეეხება შპს „ღამის შოუ სტუდიას“, რომელთანაც მერია ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს – კომპანია 2007 წელს არის დაფუძნებული, მისი დირექტორი ივანე ჭელიძეა. წილები კი ასე ნაწილდება 92% – ივანე ჭელიძე, 6% გოჩა კორხელაური, 2% მიხეილ გაჩეჩილაძე. აღსანიშნავია ის ფაქტი. რომ ბოლო ცვლილება მეწილეთა შორის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა. მერაბ დევიძის 2%-იანი წილის მფლობელი მიხეილ გაჩეჩილაძე გახდა.