„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.
ნიკა მელიას პრესსამსახურის ცნობით, საუბარია სულ 300-მდე ადამიანზე.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან მძიმე, მაგრამ აუცილებელია“, — განაცხადა ბესო გაზდელიანმა დღეს, პირველი სკოლის წინ გამართულ ბრიფინგზე.
ენმ-ის აწ უკვე ყოფილი წევრების თქმით, ისინი აპირებენ ახალ პარტიაში შესვლას, რომელიც დაფუძნდება ნიკა მელიას ხელმძღვანელობით.
ენმ დატოვა მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შექმნილი ვითარება ყველას გვკარნახობს, რომ პოლიტიკური პროცესები არასწორად იმართება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩემი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვები, ბრძოლის მეთოდები და პარტიის მართვის გზები ერთმანეთს ასცდა. შესაბამისად, საჭიროდ და ლოგიკურად ვთვლი, რომ ვიყო იმ გუნდში, რომელიც ასახავს ჩემს ხედვებს და მიდგომებს. მე ვუერთდები იმ ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იქნება პლატფორმა სწორი, საღი და რაც მთავარია, ჩემთვის მისაღები ფასეულობების და ღირებულებების“, — დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ენმ-დან წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ ოფიციალურად 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ 27 ნოემბერს თქვა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ იყო.
მელიას განცხადებას წინ უძღოდა ენმ-ის წევრების მიერ სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და რიგების დატოვება. მათ შორის ფრაქცია დატოვეს ენმ-ის დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში.