თბილისის ომის უცნობი ფოტოები – მკვლევარმა ფირები ბაზრობაზე იყიდა და ფოტოგრაფს ეძებს

მკვლევარი გაბრიელ ჩუბინიძე 1991-92 წლის თბილისის ომის უცნობ ფოტოებს ავრცელებს – მისი თქმით, ასამდე ფირის ნეგატივს თბილისის ერთერთ ბაზრობაზე ყიდდნენ.
“ნეგატივების ზედაპირული დათვალიერების შედეგად, აღმოვაჩინე, რომ ვუყურებდი არამხოლოდ 1980-იანი წლების რიგითი კომუნისტური დღესასწაულების კადრებს, არამედ თბილისის ომისას. საკმაოდ სოლიდურ თანხად (ნუ, ჩემთვის სოლიდურ) შევისყიდე მათი ნაწილი და დავასკანერე. მართლაც სამოქალაქო ომი აღმოჩნდა, თანაც აბსოლუტურად უცნობი (და ზოგან უნიკალური) კადრები.
ფოტოებზე დაკვირვებით ჩანს, რომ თბილისის ომი სულ რამდენიმე საათის დასრულებულია. შენობებს ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია, ხოლო მოსახლეობა ე.წ. კიტოვანის გამოფენის დასათვალიერებლად არის გასული.
სამწუხაროდ, ფოტოგრაფის სახელი უცნობია, ვისგანაც ვიყიდე, მან არ იცის, თუ ვინ ჩააბარა ფირები. მეორეს მხრივ, ფოტოგრაფი აშკარად არ არის მოყვარული – ეს ჩანს თავად ფირებიდან, გადაღების ხარისხიდან და ხშირი დუბლირებებით. ვფიქრობ, ის გაზეთისთვის მუშაობდა.
აუცილებელია მისი პოვნა. თუ თქვენ გარშემო არიან ფოტოგრაფები, გთხოვთ, აჩვენეთ ეს ფოტოები, იქნებ იცნონ კადრები” – წერს ჩუბინიძე.