„თბილისის მშრალი პორტი პირველ რიგში გადაჭრის განთავსების პრობლემებს, ამავდროულად გააიაფებს ლოგისტიკურ მომსახურებას და გადაზიდვების პერიოდს დროშიც შეამცირებს“ – პორტის გენერალური დირექტორი
თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალი პორტი გადაზიდვების პერიოდს შეამცირებს და ლოგისტიკურ მომსახურებას გააიაფებს. როგორც ნინო ნემსაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, თბილისის მშრალი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტია.
“ახალი პორტი გავლენას მოახდენს როგორც რეგიონის ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბების პროცესში, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ზრდაზე და ასე შემდეგ. თბილისის მშრალი პორტი პირველ რიგში გადაჭრის განთავსების პრობლემებს, ამავდროულად გააიაფებს ლოგისტიკურ მომსახურებას და გადაზიდვების პერიოდს დროშიც შეამცირებს”, – განმარტა ნინო ნემსაძემ.
მისივე ინფორმაციით, ეს პროექტი სამ ფაზად არის დაყოფილი.
“მოგეხსენებათ, გაიხსნა პირველი ფაზა და ფუნქციონირებს სრულად, მოიცავს ერთ დახურულ სასაწყობე სივრცეს, სამ სარკინიგზო ჩიხს და 50 000 კვ მეტრზე მოწყობილ საკონტეინერო მოედანს, მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, რაც გულისხმობს საკონტეინერო მოედნის განვითარებას, მეოთხე სარკინიგზო ჩიხს და კიდევ ერთ დახურულ სასაწყობე სივრცეს. ასევე ჩვენ ვგეგმავთ მესამე ფაზის კონცეფციის დამუშავებასაც” – აღნიშნა თბილისის მშრალი პორტის გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად უკვე ამოქმედდა,რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. ობიექტმა მიიღო, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.
ბიზნესპარტნიორი
