თბილისის მეტროს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის წარმოებულ ვაგონებს მიაწვდიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის(CRRC) მიერ წარმოებულ 111 ვაგონს მიაწვდიან.
როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანია „ჯი-თი გრუპია“, რომელიც ვაგონების ჩინურ მწარმოებელთან თანამშრომლობით მიაწვდის.
ვაგონების შესყიდვას თბილისის მერია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.
კალაძის თქმით, ჯი-თი გრუპთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება დღეს, 10 ივლისს, იგეგმება.
„ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან, კომპანია CRRC-სთან (ჩინეთი) თანამშრომლობით, შემდგომი 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს მოგვაწვდის 111 ვაგონს. 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 5 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობები იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. ახმეტელის თეატრი -ვარკეთილის ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი. რაც მთავარია, მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი გაგრძელდება შემდგომში, რათა სრულად განახლდეს დღეს არსებული შემადგენლობები. ეს ვფიქრობ, იმისთვის, რომ მეტრო გამართულად მუშაობდეს, ერთობ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი კომპანიაა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აქვს მიწოდებული მეტროს ვაგონები. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჩიკაგო, ბოსტონი, მეხიკო, მელბურნი, სინგაპური, სან პაულო. ასევე, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი. უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, ისინი საქართველოშიც უკვე მოგვაწვდიან ახალ ვაგონებს, რითაც ჩავანაცვლებთ ძველ ამორტიზებულ ვაგონებს“,- განაცხადა კალაძემ.