ისანში, მეტეხის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლში მობინადრეები არ ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14 ოჯახი ქირით არის გაყვანილი.
„ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N14-ში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ, ხოლო პერიმეტრი შემოსაზღვრული იყო დამცავი ღობით.
აქ მცხოვრები 14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა მონაწილეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეს, არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი და ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანი ჩვენთვის უცნობია“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.