თბილისის მერიიდან “აქციების მონაწილე” თანამშრომელი გაათავისუფლეს

თბილისის მერიის თანამშრომლის, ანა კომლაძის თქმით, ის 17 მარტიდან მერიაში აღარ იმუშავებს, რადგან განყოფილება, რომელშიც ის მუშაობდა, შეამცირეს.
მისივე პოსტის თანახმად, კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება აქამდე 4 შტატიანი იყო, თუმცა ისინი “საქმეს ვერ აუდიოდნენ” ახლა კი განყოფილება 2 შტატამდე შემცირდა.
“ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა! საკრებულოს ვებ. გვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები! კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4 შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2 შტატიან განყოფილებად! შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი. ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2 შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა, 2 შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!”, – წერს ანა კომლაძე სოციალურ ქსელში.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ, “ტვ იმედმა” ეს ამბავი გააშუქა და დაწერა, რომ თბილისის მერიიდან “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და აქციების აქტიური მონაწილე თანამშრომელი გაათავისუფლეს”.
ამის პასუხად, ანა კომლაძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის წარსულში “ქართული ოცნების” დელეგატი იყო.
“რადიკალი 12 წლის წინ.
ნეტა ის რაა ყელზე რომ მიკეთია? ვერ ვხედავ, ვერ ვარჩევ”, – წერს ის.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს პერიოდიდან დღემდე, მერიის არაერთმა ახლა უკვე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ასეთი იყო ნინო კიკნაძეც, რომელმაც 27 დეკემბერს შეიტყო, რომ შემდგომი წლიდან მერიაში მუშაობას არარ გააგრძელებდა.
თბილისის მერმა მ მედიებთან არაერთხელ აღნიშნა, რომ მერიაში რეორგანიზაციაა და პოლიტიკურ პროცესებთან ამ ყველაფრის კავშირი უარყო.
მას მედიასთან რამდენჯერმე ისიც აღუნიშნავს, რომ მერიის თანამშრომლებს განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულებები აქვთ და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
„ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე.
რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს.
ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“,- ამბობს კახა კალაძე.