თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, წერია, რომ უცნობია, როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაოები.
“ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა”, – წერია თბილისის მერის, კახა კალაძის გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რო0მელიც 2024 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული.
დამატებით, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ამ ეტაპამდე შესრულებული სამუშაოები კი ზიანდება.
“ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე”, – წერია კახა კალაძის გამოცემულ ბრძანებაში.
მან ამ ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულება ორ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047), რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო, 20 აპრილს კი თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხდაებდა, რომ ერთ-ერთი დატვირთული გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. იგივე თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 24 აპრილს.