დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 13 ივნისს, იწყება.
პროექტის ფარგლებში, რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩამდე, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, მოეწყობა ასევე ახალი განათებები, მოწესრიგდება ტროტუარები.
სამუშაოების მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ჭიჭინაძის ქუჩაზე კი აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად. ჩიტაძის ქუჩაზე მანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
კალაძის თქმით, სამუშაოები ივლისში სრულად დასრულდება.
3 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის მეორედ ინიციირების შემდეგ, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები – „არა რუსულ კანონს!“ „კი ევროპას!“ მოვლენების ეპიცენტრი ხშირად იყო პარლამენტის გვერდითა შესასვლელი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, „აგენტების კანონი“ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით 3 ივნისს გამოქვეყნდა.