თბილისის მერია ორ ავარიულ კორპუსს გამარტივებული გზით 23 მლნ ლარად ჩაანაცვლებს

თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ორი საცხოვრებელი შენობის სამშენებლო სამუშაოებს გამარტივებულად ყიდულობს შემდეგ მისამართებზე: შუამთის ქუჩა N40ა მდებარე 1524 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 11-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივის მე-10 კვარტალში, კორპუს N9 -ში მიწის ნაკვეთზე მდებარე ავარიული სახლი.
ორივე პროექტის ვადად 2028 წლის 31 მარტია მითითებული.
შესყიდვის დოკუმენტის თანახმად, პირველ ლოკაციაზე პროექტის ღირებულება 12,6 მლნ ლარია, მეორე ლოკაციაზე კი – 10,5 მლნ ლარი.
შუამთის ქუჩაზე ახალი საცხოვრებლით 55 მესაკუთრე და მათი ოჯახები იქნებიან უზრუნველყოფილნი. ხოლო ვარკეთილის მესამე მასივში მოეწყობა 90 საცხოვრებელი ბინა და უძრავი ქონებით 44 ოჯახი დაკმაყოფილება, 46 ერთეული საცხოვრებელი ბინა შესაძლებელია ჩართული იქნას ნატურით ანგარიშსწორებაში მიმწოდებლის საკუთრებაში გადაცემის გზით.