დედაქალაქის მერია ვაკანსიებს აცხადებს. კახა კალაძემ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიებს. მათ, ვისაც აქვთ სურვილი გახდნენ მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს.
შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1862 ლარიდან 3325 ლარამდეა. ასე რომ იაქტიურეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, ამ მიმართულებით იყოთ დასაქმებული”, – განაცხადა კალაძემ.