დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა.
„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მივიღებთ ერთიან ახალ რეკრეაციული სივრცეს. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია.
„ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა, ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.