თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 47-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7,850,000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1,000,000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ.
„ქ. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.
სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა – შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების) საგარანტიო პერიოდი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი;
დაფინანსების წყარო: 2025-2026-2027 წ.წ. ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით:
2025 წელი – 10 000 000,00 ლარი;
2026 წელი – 18 000 000,00 ლარი;
2027 წელი – 19 000 000,00 ლარი“, – ნათქვამია სატენდერო ინფორმაციაში.
შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.