„თბილისის მასშტაბით 2100 აბონენტის შემთხვევაში გათბობის დანადგარი სიცოცხლისთვის საშიშია“ – ნინო გულეიშვილი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზის გამათბობლების შემოწმება უკვე დაიწყო.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის – ნინო გულეიშვილის თქმით, ვითარება გასული წლის მსგავსად წელსაც მძიმეა. ამ დროისთვის შემოწმებული გამათბობლების 2100-ზე მეტი ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია.
,,თბილისის მასშტაბით 170 000 აბონენტიდან 2100 შემთხვევაში გათბობის დანადგარი ავარიულ მდგომარეობაში, ეს შესაძლოა არც ისე საგანგაშოდ ჩანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმება ჯერ არ დასრულებულა. მსგავსი პრობლემებია რეგიონებშიც. ქართულ ბაზარზე ორ მსხვილი კომპანიაა: ,,სოკარ ჯორჯია” და “საქოგგაზი”, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს გაზს ,,თელავგაზი” აწვდის.
სიტუაცია როცა შევაფასეთ, პირად მე, ცოტათი შევშინდი კიდეც, რადგან გასულ წელსაც დაახლოებით იგივე მონაცემები გვქონდა. ის ვითარება, რომ სიტუაცია გამოსწორებისკენ მიდიოდეს, ნამდვილად არ გვაქვს. მომხმარებელს აქვს მოლოდინი, რომ დანადგარი, რომელიც მას წლების მანძილზე ემსახურებოდა ახლაც კარგია და შემოწმებას არ საჭიროებს.
,,სოკარ ჯორჯიას” მონაცემებით, სექტემბრის ბოლომდე 17 000 აბონენტთან კომპანიის წარმომადგენლებმა გამათბობლების შემოწმება საერთოდ ვერ შეძლეს, რადგან სახლში არ შეუშვეს. 26 000 აბონენტის შემთხვევაში კომპანია იძულებული იყო დანადგარზე გაზის მიწოდება ჩაეხსნა”,- ამბობს გულეიშვილი.
ენერგომბუდსმენის ასევე აღნიშნავს, რომ გამათბობლის შემოწმება მიმწოდებელი კომპანიის უფლებაა, თუმცა თუ უარის ან კონფლიქტური სიტაუციის შექმნის შემთხვევაში კომპანიები ხშირად ამ მონიტორინგის პროცესს ვერ ასრულებენ.
,,კომპანიის უფლებაა, მომხმარებლის საცხოვრებელ სახლში გამათბობლები დაათვალიეროს, ოღონდ წინასწარი შეთანხმებით. მოქალაქეებს წინასწარ ეგზავნებათ შეტყობინება და აღნიშნულ დღეს წარმომადგენელი გადასამოწმებლად მიდის. თუ მოქალაქე სახლში არ დაგვხვდა, რამე განსაკუთრებული ბერკეტი რომ გამოვიყენოთ, მაგალითად იძულება ან გადამოწმებამდე გაზის შეწყვეტა, ასეთი უფლება არ გვაქვს, თუმცა ასეთი კანონმდებლობის მიღებას მივესალმებით. თელავის მაგალითზე, 13000 აბონენტიდან, 6000-სთან კომპანიის წარმომადგენელი სახლში ვერ შევიდა”,- აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
,,კომერსანტი” შეგახსენებთ, რომ გამათბობლის ჩართვამდე აუცილებელია მისი შემოწმება! +995 32 2404004 მომსახურება უფასოა.