თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN წარმატებით დასრულდა

25 ნოემბერს, თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN დასრულდა.
კონკურსის ჟიური შედგებოდა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებისგან: სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ გარდენი“ კასტინგ დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი სამუელ გელბერი, ვენის სახელმწიფო ოპერის კასტინგ დირექტორი რობერტ კერნერი, უნგრეთის სახელმწიფო ოპერის გენერალური დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი, შოტლანდიის ოპერის კასტინგ დირექტორი სარა-ჯეინ დევისი, დრეზდენის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პეტერ თაილერი, გეტებორგის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰენინგ რუჰი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი, სააგენტო Atelier Musicale International პროდიუსერი და მენეჯერი ვირჯინიო ფედელი; ჟიურის თავმჯდომარე – თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN გამარჯვებულები არიან:
I პრემია: ელმინა ჰასანი (საქართველო-აზერბაიჯანი)
II პრემია: ანა ფალავანდიშვილი (საქართველო)
III პრემია: დინმუჰამედ კოშკინბაევი (ყაზახეთი)
კონკურსის გამარჯვებულს პირველი პრემია გადასცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ წულუკიძემ, მეორე პრემიის მფლობელი დააჯილდოვა კომპანია „ალ-მუთფარდა“-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აბდულაზიზ ჰასან ზაქრიმ, ხოლო მესამე პრემიის ლაურეატი – კომპანია „გემუანის“ დამფუძნებელმა არჩილ ჯალიაშვილმა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიზი ალიხან ზეინოლას (ყაზახეთი) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ გადასცა.
სამუელ გელბერი – ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი: „ წელს კონკურსი ძალიან მაღალი დონის არის. საქართველოში სიმღერის დიდი ტრადიციაა და ჩვენ ეს მოვისმინეთ, არა მარტო ქართველი მომღერლებისგან, არამედ იმ საერთაშორისო შემსრულებლებისგან, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ მთელი მსოფლიოდან. ასევე ამ ლამაზ თეატრში ყოფნა დიდი ბედნიერებაა“
ოლგა როსტროპოვიჩი – გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი: „ეს კონკურსი საოცრად განვითარდა. მადლობა ამ კონკურსისათვის და ჩემი უდიდესი პატივისცემა ქალბატონ ელისო ჭირაქაძეს, რომელიც არის ამ კონკურსის დირექტორი. აქ არის ფანტასტიკური, საერთაშორისო ჟიური, ევროპის და ამერიკის წამყვანი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები. ძალიან კარგი ნაკადია მომღერლების, რამდენიმე მათგანს სულ მალე საერთაშორისო კარიერა ექნება. ვულოცავ საქართველოს, თბილისს ამ შესანიშნავ კონკურსს და თავად კონკურსს კი ვუსურვებ ხანგრძლივ არსებობას და წარმატებას.“
პიტერ მარიო კატონა – სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ გარდენი“ კასტინგ დირექტორი: „წელს კონკურსანტები ძალიან მაღალი დონის იყვნენ. მე კიდევ უფრო მეტად მახარებს ის, რომ აქ ამდენი მონაწილეა საქართველოდან და მისი ახლომდებარე ქვეყნებიდან. მათ ვისაც არა აქვს შესაძლებლობა რომ წავიდეს სხვა კონკურსებზე ამერიკაში ან დასავლეთ ევროპაში, ეს კონკურსი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს თავიანთი თავი წარმოაჩინონ საერთაშორისო ჟიურის წინაშე. კონკურსის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეედარონ თავიანთ თანატოლებს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში, იქნება ეს ხმა, საშემსრულებლო ხელოვნება, ტექნიკა თუ პიროვნული თვისებები. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვიმყოფები აქ, ასეთ სტუმართმოყვარე ადგილას. ეს კონკურსი ახალ პერსპექტივებს და ჰორიზონტებს ხსნის ახალგაზრდა მომღერლებისთვის.“
ბადრი მაისურაძე – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: „ეს კონკურსი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟიურიში საუკეთესო თეატრების დირექტორები არიან. წარმოგიდგენიათ, 20 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი წელს ახალგაზრდები. აღსანიშნავი არის ის, რომ OPERA CROWN კონკურსის შემდეგ დიდი დაინტერესებაა ჩვენი კონკურსანტების მიმართ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ჩვენ ამით ვხარობთ. ჩვენთან გამარჯვებული და არა გამარჯვებულიც კი აკეთებს საინტერესო კარიერას და მღერის საერთაშორისო თეატრებში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი რომ ჩვენი კონკურსი ჩაატარონ თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ მაინც აქაურობას ვერ მოვწყდებით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში ქართველებს. სწორედ ამიტომ იყო რომ ყველაზე ბევრი მონაწილე კონკურსში ერთი ქვეყნიდან – საქართველოდან იყო. მე სპეციალურად მივეცი ყველას საშუალება რომ გამოსულიყო და მიეღო მონაწილეობა, მიეღო გამოცდილება ესეთ სცენაზე და ესეთი სერიოზული დირექტორების წინაშე.“