“თბილისის დემარშის პასუხად, ბაქო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას განიხილავს” – Minval

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედია Minval Politika, რომელიც ბაქოს არაოფიციალურ პოზიციას ახმიანებს, მკითხველს ამჟამად კიდევ ერთ “ექსკლუზივს” სთავაზობს და აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით “თბილისის ტარიფულ დემარშზე პასუხად ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს”.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა და “კონფლიქტის დეტალები გაასაჯაროვა”. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო, რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართული მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებს.
როგორც სტატიაში წერია, Minval Politika-ს წინა პუბლიკაციამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა და გამოაცხადა, რომ საქართველო „უფასოდ“ უზრუნველყოფდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ერთჯერად ტრანზიტს სომხეთში.
როგორც სტატიაში წერია, Minval Politika-ს წინა პუბლიკაციამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა და გამოაცხადა, რომ საქართველო „უფასოდ“ უზრუნველყოფდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ერთჯერად ტრანზიტს სომხეთში.
“თუმცა მსგავსი ერთჯერადი გადაწყვეტილებები არ ხსნის მთავარ კითხვას: როგორია თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიან ტარიფებსა და საბაჟო მოსაკრებლებთან დაკავშირებით? და მთავარი – ვისი ინტერესები აყალიბებს ასეთ პოლიტიკას, რომელიც ასე მოულოდნელია ქვეყნისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა ბაქოს მხარდაჭერას და სტრუქტურულ სარგებელს იღებდა თავისი სატრანზიტო ადგილმდებარეობიდან? პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო, რომელიც ფაქტობრივად აზერბაიჯანული ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით გაიზარდა როგორც ტრანზიტული ცენტრი, დღეს ნაბიჯებს დგამს, რომლებიც მის საკუთარ კონკურენტულ უპირატესობებს ასუსტებს”, – წერს გამოცემა.
Minval Politika-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის ფორმირების მიმართულებით.
“საბჭოთა პერიოდში არსებობდა სარკინიგზო ხაზი, რომელიც ბაქოს გაზახთან აკავშირებთან, შემდეგ კი იჯევანის მიმართულებით გრძელდებოდა. დღეს ბაქო განიხილავს ამ მონაკვეთის – თანამედროვე გაზახიდან სომხეთთან პირობით საზღვრამდე აღდგენის შესაძლებლობას. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს უკვე წინასწარი შეფასება: სწავლობენ ტექნიკურ პარამეტრებს, ღირებულებასა და ვადებს, თუ რა შეუძლია შესაძლო აღდგენას, რაც სატრანზიტო ნაკადის ნაწილს საქართველოს დამოკიდებულებიდან გამოიყვანს”, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
პარალელურად, Minval Politika-ს ინფორმაციით, განიხილება სრული საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც.
“მიმდინარეობს ალტერნატიული კორიდორების და მათი ეკონომიკური ეფექტიანობის განხილვა. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი დისკუსიები გაჩნდა, მთავარზე მიუთითებს: აზერბაიჯანმა შეწყვიტა ტრანზიტის აღქმა საქართველოს გავლით როგორც ერთადერთი ან გარდაუვალი გზის”.
ბაქოს პოზიციის შესაბამისად, რომელიც ის პროსახელისუფლებო მედიის საშუალებით აჟღერებს, თანამედროვე სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო მონოპოლია ვეღარ შეიძლება პოლიტიკურ ზეწოლად იქცეს – ის უფრო საკუთარ მოწყვლადობაზე მიუთითებს.
“ამიტომაც თბილისის მცდელობა, ხელოვნური ბარიერებით კვლავ მოიპოვოს გავლენის ბერკეტები, ეწინააღმდეგება თავად საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს. დღეს თბილისის წინაშე დგას მარტივი არჩევანი: ან ჩაერთოს ახალი რეგიონული თანამშრომლობის მოდელში, ან უყუროს, როგორ ყალიბდება მარშრუტები, რომლებშიც მისი მონაწილეობა საჭირო აღარ არის. ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც დროულად აცნობიერებენ ცვლილებებს, აძლიერებენ საკუთარ სუბიექტობას; ისინი, ვინც ძველ მექანიზმებს ეჭიდებიან, გარდაუვლად კარგავენ მას. ბაქომ უკვე გააკეთა თავისი დასკვნები. ახლა თბილისის ჯერია – მზად არის თუ არა გაიხედოს მოკლევადიანი სარგებლის მიღმა და გადავიდეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე?” წყარო: netgazeti.ge