თბილისის „გრანდ სლემის” პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ნინო ლოლაძემ კი ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; მისთვის ეს „გრანდ სლემზე” მოპოვებული პირველი მედალია. ვიცე-ჩემპიონი კი თემურ ნოზაძე (-66 კგ) გახდა.
22 მარტს ასპარეზობაში ჩაერთვებიან და -73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ჩიხელიძე; -81 კგ წონით კატეგორიაში კი – ზაურ დვალიშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი. გოგონებში -63 კგ წონით კატეგორიაში გვანცა მჭედლიშვილი, -70 კგ წონით კატეგორიაში კი მარიამ ჭანტურია იასპარეზებენ.
23 მარტს მედლების მოპოვებას -90 კგ წონით კატეგორიაში შეეცდებიან ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი და სოსო ებილაშვილი. -100 კგ წონით კატეგორიაში კი იასპარეზებენ ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე და ისლამ წინწალაშვილი. რაც შეეხება +100 კგ წონით კატეგორიას – აქ მედლებისთვის გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და გაბო მუკბანიანი იასპარეზებენ. გოგონებში კი მედლის მოპოვებას სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) შეეცდება.