წლის დასაწყისიდან მეექვსე თვეში თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება მომზადდა: ქალაქის მთავარი ხაზინა 62,15 მილიონი ლარით გაიზარდა და საერთო მოცულობა 2,272 მილიარდ ლარს მიაღწია – ეს არის დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. როგორც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, ცვლილება განხორციელდა 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების, უკვე მიღებული შემოსავლებისა და წლიური პროგნოზების გათვალისწინებით.
მერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, ქალაქი კვლავაც აწყდება სერიოზულ გამოწვევებს, რომელთაც ღირსეული და სწრაფი რეაგირება სჭირდება.
კახა კალაძემ არ დაასახელა კონკრეტული მიმართულებები, თუმცა აღნიშნა, რომ თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება. ოფიციალურ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ პრიორიტეტია. წელს იგეგმება:
· საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის გაუმჯობესება
· ახალი საფეხმავლო ქუჩებისა და ველობილიკების მოწყობა
· ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განახლება
· 18-მეტრიანი, M3 კატეგორიის ახალი ავტობუსების შესყიდვა თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში
· სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირება და მშენებლობა
· ახალი ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარება
ასევე გათვალისწინებულია სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მაგალითად:
· საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა – 105 მლნ ლარი
· კეთილმოწყობის ღონისძიებები – 77,4 მლნ ლარი
· გამწვანების პროექტები – 35,1 მლნ ლარი
· რეკრეაციული ზონების მოწყობა – 44 მლნ ლარი
მაღალი ბიუჯეტი თავისთავად არ ნიშნავს მაღალ შედეგს. თუ თანხები უყაირათოდ დაიხარჯა, რეალური სარგებელი შეიძლება მინიმალური იყოს. თითოეული თეთრი უნდა იყოს გამიზნული კონკრეტულ მიზანზე და შექმნას რეალური, ხელშესახები ცვლილებები მოქალაქეებისთვის და თვით ქალაქისთვის.
ფინანსები ყველაფრის გასაღები არაა, მაგრამ ბევრი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. თანამედროვე ქალაქისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი კომფორტის საკითხზე ბევრად მეტია – ეს არის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. რაც მეტი ბიუჯეტი აქვს ქალაქს, მით მეტი შესაძლებლობა ეძლევა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საზოგადოებრივი სერვისების ხარისხის ამაღლებისა და ეკოლოგიურ-სოციალური პროექტების განხორციელებისთვის.
ქალაქის ფინანსური სიძლიერე პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე – იქნება ეს თანამედროვე და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სწორედ ამიტომ, მერისა და საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის უნდა იყოს ბიუჯეტის ზრდა და მისი რაციონალური, მიზნობრივი მართვა.
tia.ge
