თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტირება მიმდინარეობს – ირაკლი ქარსელაძე

„ახალი შემოვლითი გზის გეგმა გვაქვს და მისი პროექტირება მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მთავარი აქცენტი მიმდინარე პროექტების დასრულებაზეა.
„თბილისს შემოვლითი გზა ახლაც გააჩნია, რომელიც ინტენსივობიდან გამომდინარე, გამტარობით, მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. „ხედვა 20-30-ის“ ფარგლებში ახალი შემოვლითი გზის გეგმა გვაქვს და მისი პროექტირება მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტების დასრულებაზეა, როგორიცაა, მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანი.
რაც შეეხება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზას, ის 17 კილომეტრიანია და 3-ნახევარი კილომეტრი ჯერ კიდევ ასაშენებელია. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები არ მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმა გვაქვს, რომ ამ წელს კონტრაქტორი კომპანია სატენდერო პროცედურით ავარჩიოთ. ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი, თუმცა წელს პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ