თბილისის ახალი აეროპორტის ბიუჯეტი $736 000-ია – პრემიერის მოხსენება

თბილისის ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.
გეგმის ბიუჯეტი $736 000-ია, პროექტს აზიის განვითარების ბანკი და აეროპორტების გაერთიანება ერთობლივად განახორციელებენ.
„2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებითად გააუმჯობესოს ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა, რათა დააკმაყოფილოს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ არსებული ზრდადი მოთხოვნა. გეგმად დასახულია ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე), რომელმაც, გეგმის მიხედვით, უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა შემდეგი 30 წლის განმავლობაში. ახალ აეროპორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ორივე ფაზის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრი.
ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი შპს „აეროპორტების გაერთიანებასა და აზიის განვითარების ბანკთან (ADB)“ გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის თანახმად, ADB შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის განვითარების გენერალური გეგმის (მასტერპლანი) მომსახურების შესყიდვას. უშუალოდ მასტერპლანის ბიუჯეტი შეადგენს 736 000 დოლარს, სადაც ADB და UAG (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება) წარმოდგენილია თანაბარი კონტრიბუციით. ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს პერიოდში და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე,“- ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.

ასევე დაგაინტერესებთ