“თბილისისათვის დამახასიათებელი იდენტობის დაცვა ის საქმეა, რამაც ძველი თბილისელები გაგვაერთიანა”, -მალხაზ თავართქილაძე – არქიტექტორი და მომღერალი “ტიფლისის დარბაზიდან”

“თბილისისათვის დამახასიათებელი იდენტობის დაცვა ის საქმეა, რამაც ძველი თბილისელები გაგვაერთიანა”, -მალხაზ თავართქილაძე – არქიტექტორი და მომღერალი “ტიფლისის დარბაზიდან”
70-იანი წლების „გეპეიში“ შექმნილი ვაჟ მომღერალთა გუნდის – „ცისფერი ტრიოს“ სიმღერები ყველა ქართველის გულსა და გონებაშია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ შესანიშნავი ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, ბატონი მალხაზ თავართქილაძე, პროფესიით არქიტექტორია და მისი ნამუშევრები უხვადაა დედაქალაქსა თუ ქვეყანაში.
და თუკი არქიტექტორობა და მომღერლობა პროფესიებია, მაშინ ბატონ მალხაზს კიდევ ერთი პროფესიაც აქვს და მას „თბილისელობა“ ჰქვია. სწორედ ამ პროფესიული ნიშნით არის იგი საზოგადოება „ტიფლისის დარბაზის“ გამგეობის წევრი.
ეს სამოქალაქო ორგანიზაცია ახლახან დააფუძნეს ძველმა თბილისელებმა და მიზნად თბილისის დინამიკურ ცხოვრებაში საკუთარი სიტყვის თქმა განიზრახეს, რაც მათ ცოდნას და დაგროვილ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად უნდა გახდეს ქალაქის მესვეურებისთვის საყურადღებო ფაქტორი.
ორგანიზაციის დაფუძნების იდეის ავტორი, ენერგეტიკოსი თეიმურაზ ჭიჭნაძე, ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში ასე აღნიშნავდა იმას, თუ რამ გადააწყვეტინათ თბილისელ მეგობრებს ორგანიზაციის შექმნა: „თბილისი, როგორც ყველა ქალაქი, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც პროცესები არ ჩერდება და შესაბამისად, ბევრ კარგ ინიციატივასტან ერთად, გვხვდება ქალაქისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილებები და გადაწყვეტებიც. ჩვენს მისიასაც ამაში ვხედავთ, რომ კარგი შევაფასოთ და დავაფასოთ, ხოლო თუკი რაიმეს არაადეკვატურად და დამაზიანებლად მივიჩნევთ, ისიც აუცილებლად აღვნიშნოთ. ანუ, ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არა, არამედ, დედაქალაქის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავწიოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი წილი საზოგადოებრივი მონიტორინგი. ვფიქრობთ, ამ და ამდაგვარ პროცესებში მონაწილეობა და საკმაოდ წონადი სიტყვის თქმა შეგვიძლია. საბოლოოდ კი ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ გვინდა შეძლოს და შექმნას პრაქტიკა, როცა დედაქალაქის, ჩვენი ყველას მთავარი ქალაქის ცხოვრებაში, მის ყოველდღიურობაში მონაწილეობა იქნება ქმედითი, ეფექტური და ეფექტიანი“.
სწორედ ასეთი ორგანიზაციის გამგეობის წევრია ყველასათვის საყვარელი მომღერალი მალხაზ თავართქილაძე, რომლის ძირითადი პროფესიაც არქიტექტურაა.
სულ ახლახანს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არქიტექტორთა კავშირის თაოსნობით მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მის მიერ საავტორო უფლებებით და ასევე მისი მონაწილეობით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შექმნილი პროექტები. განხორციელებული პროექტები, ესკიზები და ა.შ.
სწორედ იქ შევხვდით ბატონ მალხაზს და „ტიფლისის დარბაზზე“, არქიტექტურასა და დედაქალაქის წინაშე სადღეისოდ არსებულ გამოწვევებზე ვესაუბრეთ.
ბატონო მალხაზ, პირველ რიგში, იუბილეს გილოცავთ და ჯანმრთელობას და ხანგრძლივ ნაყოფიერ მოღვაწეობას გისურვებთ, ორივე პროფესიაში – არქიტექტურაშიც და სიმღერაში. ასევე , როგორც უკვე შეიტყო ჩვენმა მკითხველმა – დედაქალაქთან დაკავშირებულ თქვენს სამოქალაქო ინიციატივებსაც მოუთმენლად ველით. და ჩვენი პირველი კითხვა – რა უნდა შექმნას და მოიტანოს „ტიფლისის დარბაზმა“
მადლობას გიხდით მოლოცვისთვის. არც კი მგონია, რომ ამ ხნის მოვიყარე. რაც შეეხება „ტიფლისის დარბაზს“, ასეთი ორგანიზაციის შექმნის განზრახვა, რომელიც თბილისის კეთილდღეობაზე იქნებოდა ორიენტირებული, უკვე განზრახვაც კი, ჩემთვის მისაღები იყო. როგორ ფორმას მიიღებდა ეს ინიციატივა და რა სახის მონაწილეობის მიღებას შევძლებდიათ ამაში ჩვენ, მისი წევრები, ეს უკვე პროცესში გამოჩნდებოდა. ჩვენ, არსებული ურთიერთობებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყოველთვის შეგვეძლო და შეგვიძლია ამ პროცესის დახვეწა.
„ტიფლისის დარბაზის“ ინიციატივაში კიდევ ის არის მთავარი, რომ აქ აღდგა ძველი, მიმქრალი ურთიერთობები. შეიკრიბა ხალხი, რომელსაც ზურგს უკან ბევრი კეთილი საქმე აქვს ნაკეთები პროფესიებში ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და ეს ხალხი და მათი გამოცდილება ახლა არ არის სათანადოდ დაფასებული და გამოყენებული თანამედროვე გამოწვევების დაძლევისას. ორგანიზაციულმა ფორმატმა ამ ხალხს ახალი სული, ახალი ძალა და ენერგია შთაბერა და კიდევ ერთხელ განაწყო თანამშრომლობისთვის.
ამ იდეის ავტორის, თემურ ჭიჭინაძის ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩვენ, თბილისელების უკვე ძველი თაობა, ერთმანეთთან ინტენსიურ კონტაქტში ვართ ისევ. ეს არის გაცოცხლებული ურთიერთობები და ეს ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საგნობრივი შეიძლება გამოდგეს და აღმოჩნდეს „ტიფლისის დარბაზის“ მუშაობა, მისი ინიციატივები, მისი განხილვები და დასკვნები, რჩევები და რეკომენდაციები თბილისის მთავრობისა და საკრებულოსთვის, თბილისელებისთვის, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს შესაძლებლობებზე და იმ ენთუზიაზმზე, რომელიც სულ უნდა გვახასიათებდეს დედაქალაქის პრობლემატიკაზე მუშაობისას.
რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტული ბერკეტები საიმისოდ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები შესრულდეს, ჩვენი ხედვები თბილისის მთავრობამ უპირობოდ გაიზიაროს, არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, გავხდებით ერთგვარი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მოამზადებს კონკრეტულ თემატიკას და მისცემს წინადადებებს ქალაქის ხელმძღვანელობას.
ვფიქრობ ეს მომენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება თავად დედაქალაქის მესვეურებისთვის, რადგან ისინი მიიღებენ ალტერნატიულ ხედვებს და წინადადებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მართებული და თბილისელთა ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება გაუადვილდებათ.
გარდა გლობალური გამოწვევებისა, როგორიცაა ზოგადად ურბანული პრობლემატიკა, იქნება ეს სატრანსპორტო მიმართულება თუ განაშენიანების გამოწვევები, ქალაქში ძალიან ბევრია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიუანსი, იქნება ეს ქუჩა, სახლი, ეზო თუ სკვერი, რომლითაც თბილისი თბილისობდა და რაც ახლა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, უყურადღებოდაა მიტოვებული. მათი შემონახვა და გაფრთხილება აუცილებელია. ქალაქის მთავრობა უბრალოდ ვერ შეძლებს ყველაფრის გამოკვეთას და ყველაფერზე ყურადღების მიქცევას. ამაშიც, ჩვენი აქტივობებით, ვფიქრობთ, რომ დავეხმარებით და ბევრი რამის გადარჩენას და მომავალი თაობების თბილისელებისთვის შემონახვას შევძლებთ.
ჩვენი თაობის, უკვე შეიძლება ითქვას, ძველი თაობის ზურგს უკან დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების დაკარგვა, რასაც შეიძლება ხატოვნად „თბილისმცოდნეობაც“ კი დავარქვათ, აუცილებლად გამოსაყენებელია.
„ტიფლისის დარბაზს“ უკვე აქვს ერთი კარგი ტრადიცია, – პერიოდულად ვიკრიბებით ხოლმე და წარსულში გამოჩენილ ჩვენ თანამემამულეებს ლამაზ საღამოებს ვუწყობთ, ვახსენებთ, რომ ისინი ქალაქს უყვარს და აფასებს და სიმბოლურად „საპატიო ტიფლისელის“ წოდებას ვანიჭებთ.
„დარბაზის“ წევრების გადაწყვეტილებით, ეს წოდება ახლახან მეც მომენიჭა და მინდა გითხრათ, რომ საოცრად ბედნიერად დ ამაყად ვიგრძენი თავი. კარგი გრძნობა ყოფილა, როცა ხვდები, რომ შენს ქალაქს, სადაც თურმე მთელი 75 წელი გაგიტარებია, უყვარხარ და გაფასებს.
ეს ძალიან კარგი წამოწყება და ტრადიციაა, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია აქტიური სამოღვაწეო ასპარეზიდან უკვე გასული ამ ადამიანების გამოცდილების გამოყენება, მათი ხედვებისთვის ყურის დაგდება და მათი კვლავ ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ეფექტის მომტანი იქნება ქალაქისთვის.
ბატონო მალხაზ, თქვენს ძირითად პროფესიაზე საუბრით განვაგრძოთ – რომელია ის ნამუშევარი, როემლიც თქვენში ყველაზე მეტად უწვევს სიამაყის შეგრძნებას?
როგორც მშობლებს განსაკუთრებით ჰყავთ ხოლმე გამორჩეული ხშირად მოავადმყოფე და სუსტი შვილი, ისე მაქვს მე გამორჩეული კაფე „ნიკალას“ პროექტი, რომელიც თბილისში, პეკინის გამზირზე, ბუკიას ბაღში დგას.
ეს პროექტი ყველაზე მეტად მტკივა, რადგან ყველაზე მეტი ამაგი აქვს მასზე. ახლა ის სრულიად სახედაკარგულია, არ ჰგავს თავის თავს, დარღვეულია ყველა არქიტექტურული გადაწყვეტა და ჩანაფიქრი…
მართლაც ძალიან საინტერესო შენობა იყო, მით უფრო იმ დროისთვის, XX საუკუნის ბოლო წლებისთვის, არქიტექტურული თვალსაზრისითაც საინტერესო იყო, ინჟინერული თვალსაზრისითაც, რამდენადაც მეტროს სადგურის თავზეა განთავსებული, დაკიდებულია მთლიანად, არ ეხება არაფერს და საოცრად ორიგინალური გადაწყვეტაა ამ კუთხით.
სამსინათლიანი შიდა სივრცეები, პოლიკარბონატით გადახურვა და სხვა… იმ პერიოდისთვის ეს იყო, ასე ვთქვათ, „ჰაი ტექ“-ის ელემენტებით გაჯერებეული პროექტი. ნაგებობა უჟანგავი ფოლადის კონსტრუქციებისგან არის მთლიანად დამზადებული – იმ დროისთვის ეს იყო სრული ინოვაცია და დღემდე რჩება ორიგინალურ შენობად დედაქალაქში, მიუხედავად იმისა,რომ სხვა და სხვა დროს, სხვა და სხვა მეპატრონის მიერ, ფაქტია, არ ყოფილა გათვალისწინებული მისი არქიტექტურული ღირებულებები.
ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე (რაც აუცილებელია) შეცვლილია ძალიან ღირებული ელემენტები, რაც ამ პროექტს, როგორც ურბანული თვალსაზრისით საინტერესო გადაწყვეტას, პრაქტიკულად უნულებს მნიშვნელობას.
ფუნქციონალური გადაწყვეტით და არქიტექტურული კომპლექსის ერთიანობით, ასევე საინტერესოდ მიმაჩნია ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე.
ეს ზოგადად, თორემ, ისე, ცხადია, ყველა ნამუშევარი, განხორციელებულიც და ესკიზად დარჩენილიც, ჩემთვის ძვირფასი და მშობლიურია.
თქვენ ორი პროფესია გაქვთ – არქიტექტურა და სიმღერა – „ცისფერი ტრიო“ ეს კლასიკაა და ასეც დარჩება. ჩვენ ვიცით, რომ ტქვნემა დიდმა სამეგობრომ კი იცოდა, რომ არქიტექტორი რომ ბრძანდებოდით, მაგრამ რაღაც ამას თითქოს არ თვლიდნენ მნიშვნელოვან ამბად. ასე იყო სინამდვილეში, თუ გადაჭარბებულია?
არ არის გადაჭარბებული. სიმღერა გაცილებით მომცველია, ვიდრე არქიტექტურა – შეიძლება ჩაუარო შენობას, შეხედო, მოგეწონოს, მაგრამ არ მოგივა გონებაში აზრად, რომ გაიგო, ვინ არის მისი არქიტექტორი. აი სიმღერას კი მოუსმენ და ჯერ შემსრულებელი გამახსოვრდება ადამიანს, და იქვე კომპოზიტორიც და შესაძლოა, ტექსტის ავტორიც კი მოიკითხო. ამ თვალსაზრისით არქიტექტორები და ტექსტის ავტორები თითქმის ერთ ბედს ვიზიარებთ, მაგრამ ხელონებაში მე შემსრულებლის ამპლუა მერგო და ამდენად, ჩემი და ჩემი მეგობრების პოპულარობაც, ცხადია, შემსრულებლობამ განაპირობა.
სიმღერა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო – არქიტექტურა ჩემი საყვარელი საქმე. არასოდეს ჩამითვლია ჩემი თავი მომღერლად, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ვარ არქიტექტორი. ზოგჯერ ხუმრობით თუ ნახევრად ხუმრობით გულიც დამწყვეტია – ვხედავ, ჩემი მეგობრები და ახლობლები არქიტექტურულ დავალებებს ვიღაც სხვა არქიტექტორებს უკვეთენ- საქმე ისაა, რომ უბრალოდ არ იციან, რომ მე ამ საქმის პროფესიონალი ვარ. ხომ არ ვეტყვი, რას ეძებთ, სად ეძებთ, – აქ ვარ – უფრო მისაღებ ფასად და უფრო გულიანად შევასრულებ…
როგორ ფიქრობთ, ბევრი წლის მერე ქალაქს, არქიტექტორი უფრო დაამახსოვრდებით, თუ მომღერალი?
რასაკვირველია, უფრო როგორც მომღერალი შემოვრჩები ქალაქს, რადგან ჩვენი ტრიოს ნამღერი სიმღერები, მართლა, არ შემეშინდება ამ სიტყვის – უკვდავ სიმღერებად იქცა უკვე, თავად გააგრძელებს ეს სიმღერები ცხოვრებას ბევრი-ბევრი წელი…
არქიტექტურაც ხანგრძლივად ცოცხლობს, მაგრამ მისი მასობრიობა, მისი ცნობადობა, ხელოვნებასთან, სიმღერასთან, დადარებით, წარმოუდგენლად ნაკლებია. თან არქიტექტურა, ნიჭთან ერთად იღბალზე და დამკვეთზეა დამოკიდებული. აი, რომ გავიაზროთ, – მიქელანჯელო, რასაკვირველია, არ დაიკარგებოდა, მაგრამ რომ არა მედიჩების დაკვეთები, ის ასე მთელი ბრწყინვალებით ვერ გამოჩნდებოდა. იგივეა რაფაელზე და უამრავ სხვა დიდ შემოქმედზე. ისიც საკითხია, რომ დიდი არქიტექტურა, მაღალი დონის არქიტექტურა, არის მდიდარი ქვეყნების ფუფუნება. თუ შეძლება არ არის, ხატე და იყავი, თუკი არ აშენდება…
მდიდარი არქიტექტურა სირთულეებს ეძებს, წინააღმდეგობების დაძლევის პროცესშია, რაღაც ახალს ქმნის და თან ახლებურად. ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს იყენებს მშენებლობაში – ეს არის მისი განვითარების მოთხოვნილება, აქ აზროვნება თავისუფალია და არქიტექტურული დონე სხვა სიმაღლეებს აღწევს – ამას კი მდიდარი დამკვეთი სჭირდება, თან გემოვნებიანი, რომ არქიტექტორის ფრთების გაშლას ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა არ მოაკლოს. პროლეტარიატის პირობებში, ეს ძნელი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი ამბავია…
მე მქონდა ერთი ასეთი დასანანი შემთხვევა – მთაწმინდის ძირში სასტუმროს ვაპროექტებდით და გავაკეთეთ 4-5 სართულიანი პროექტი. დამკვეთმა დაჟინებით მოითხოვა სამი სართულის დამატება – ვუთხარი, რომ ეს დაუშვებელი იქნებოდა, რომ ეს თბილისის იერ-სახეს დაამახინჯებდა… და პასუხი, არ გაინტერესებთ? – ერთი თბილისის… – ამას რომ დამკვეთი გეტყვის, იქ თავდება ყველაფერი, ცხადია, იმ პროექტს მაშინვე ჩამოვშორდი… ასეთი მენტალობის დომინირებაა ის მთავარი ფაქტორი, რომელიც თბილისის დამახინჯებას იწვევს…
რა მთავარი გამოწვევები აქვს მომავალში დედაქალაქს – ურბანულ-არქიტექტორული თვალსაზრისით ?
ურბანული ქსელის სიმჭიდროვე მთავარი გამოწვევაა. გამოწვევაა გადაჭარბებული სამშენებლო ფართობები, რომლებსაც ვერ ემსახურება არსებული ინფრასტრუქტურა. ეს უკვე, თითქმის უსაშველო პრობლემაა, რადგან ინფრასტრუქტურის გაფართოების საშუალება ქალაქს, პრაქტიკულად დაკარგული აქვს უკვე.
ერთადერთ რეალურ გამოსავლად მიმაჩნია ეკონომიკურად ქვეყნის იმ დონეზე განვითარება, რომ შენობების დემონტაჟი და მათ ნაცვლად ადეკვატური დაგეგმარებითა და პროექტებით ახალი შენობების ჩანაცვლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ღირსეული კომპენსაციებით მოსახლეობის დაკმაყოფილების ფონზე უნდა მოხდეს და უბნების დამსუბუქება უმტკივნეულად და სწრაფად უნდა განხორციელდეს.
ასევე, მნიშვნელოვანია, იდენტიფიცირდეს ეგრეთ წოდებული „შავი შენობები“, რომლებიც განაპიროებბს სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურულ კოლაფსს ქალაქში და უნდა დაისახოს რეალისტური გზები, როგორ გათავისუფლდეს ამ შენობებიდან დედაქალაქი.
კიდევ ვამბობ – ეს არ არის შეუძლებელი გზა, უბრალოდ, ფუფუნების საგანია, რომლის საშუალებაც, ამ ეტაპზე დედაქალაქს და ქვეყანას მთლიანად, ვფიქრობ, არ აქვს, თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად გასაკეთებელი იქნება.
ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, ის ყოველდღიურად იცვლება. როგორ მიგაჩნიათ მართებულად – თბილისი უნდა გაიზარდოს სიმაღლეში, თუ სიგრძე – სიგანეში.
ეს უბან – უბან და სექტორ-სექტორ გამოსაკვლევი საკითხია, რომ უამრავი პარამეტრის შეჯერების შედეგად დადგინდეს, რომელი უბანი უნდა განვითარდეს ვერტიკალურად და რომელი ჰორიზონტალურად. ბუნებრივია, ვთანხმდებით, რომ ეს არ ეხება ისტორიულ ზონას, ძველ თბილისს, სადაც მხოლოდ აღდგენითი სამუშაოები უნდა იყოს ნებადართული, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს დღემდე მოღწეული პროპორციები და მასშტაბები. თორემ, სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ქალაქი მზარდია და იზრდება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რაღაც ავადმყოფური ფორმებით.
– რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადაიხედოს/განახლდეს დიდი ქალაქების და მნიშვნელოვანი კურორტების განვითარების გენერალური გეგმები?
ოპტიმალურ პერიოდად 10 წელი მიმაჩნია, რამდენადაც ამ დროში შესაძლებელია ყველა იმ ცვლილების დანახვა, რაც ხდება. ახალ დროში ტექნოლოგიური განვითარება საოცრად არის დაჩქარებული, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია და ასე შემდეგ…
თბილისს რაც შეეხება, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი გეგმა, გენერალური განვითარების, დამტკიცდა 1936 წელს. შემდეგ, ე.წ. ზასტოისა და „პოსტპერესტროიკის“ პერიოდში და რა თქმა უნდა, უკვე ახალ საქართველოში, გეგმა სულ იყო პროცესში და სულ მუშავდებოდა, მაგრამ არ დამტკიცებულაა. ეს, თავისთავად, უზარმაზარ არეალს ტოვებდა კორუფციისთვის, კოეფიციენტების ყიდვა-გაყიდვისთვის და ასე შემდეგ.
მე გეტყვით, რომ დღეს რაც არის განვითარების გენერალური გეგმა, ასეთი შინაარსის დოკუმენტი 30 წლის წინ რომ შემდგარიყო, ასეთი მასშტაბური ქაოსი რაც მივიღეთ დედაქალაქში, არ მოხდებოდა.