OCCRP-ის ცნობით, თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. Group-ის თანამშრომელთა ნაწილი თაღლითურ საქმიანობას მალევე დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც 30-ზე მეტმა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ჟურნალისტურმა გამოძიებამ მარტის თვეში გამოააშკარავა.
გამოძიებამ ცხადყო, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლ-ცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, A.K. Group-ის საქმით საქართველოს პროკურატურაც დაინტერესდა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს. A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღეს. გამოაშკარავებულმა თაღლითებმა დატოვეს ოფისები, წაშალეს სოციალურ ქსელებში ანგარიშები.
საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არც არავინ დაუკავებია და არც ბრალი წარუდგენია.
თუმცა, OCCRP-ის ცნობით, რომელიც ერთ-ერთია იმ მედიებს შორის, რომელიც გამოძიებაში მონაწილეობდა, შვედურმა ციფრულმა საგამოძიებო ჯგუფმა, Qurium-მა მოიპოვა ახალი შიდა ჩანაწერები. აქ ჩანს, რომ ქოლ-ცენტრის 14 ოპერატორი 25 მარტს, გვიან ღამით, აქტიური იყო Voice-over-IP (VoIP) მომსახურების მიმწოდებელ Squaretalk-ზე და მათ მინიმუმ 184 გამავალი ზარი განახორციელეს. VoIP ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ინტერნეტის მეშვეობით დიდი რაოდენობით ზარები განახორციელონ ისე, რომ დამალონ ქვეყანა, საიდანაც ზარი ხორციელდება.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის ქოლ-ცენტრში დასაქმებული იყო დაახლოებით 85 თაღლითი და დამხმარე თანამშრომელი, რომლებმაც 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე მსოფლიოს მასშტაბით 6,100-ზე მეტ მსხვერპლს 35 მილიონზე მეტი დოლარი გამოსძალეს.
წყარო: “ნეტგაზეთი”
