თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეებზე 4 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია 4 ადამიანის, ერთის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი, პროკურატურის ცნობით, 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილმა.
მეორე საქმე კონკრეტული იურიდიული პირის 100%-იან წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლებას ეხება.
„ბრალდებული, „ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა. აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100%-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა დაორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ“, — განაცხადა პროკურატურამ.
კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება „სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ“. დაზარალებულმა კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა, მათ კი ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო. აღნიშნული დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებს“, — განაცხადა ტყეშელაშვილმა.