თაფლი ერთკოვზიანი შეფუთვით – როგორი მოთხოვნაა „აგრიაპის“ ქართულ თაფლზე და სად იგეგმება ექსპორტი

ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპი“ პროდუქტის მაროკოს ბაზარზე გატანაზე მუშაობს, – ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული თაფლის მწარმოებელი ბრენდის “აგრიაპის“ დამფუძნებელმა დავით ალექსიძემ უთხრა. მისი თქმით ბიუროკრატიული პროცედურების გამო პროცესი გაგრძელებულია, თუმცა კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს. „აგრიაპი“ მიმდინარე წელს გარკვეულ რაოდენობის თაფლს ემირატებშიც შეიტანს.
კომპანია უშვებს გაზაფხულის, აკაციის, ცაცხვის, წაბლის და ალპურ თაფლს, ასევე თაფლი ჩამოსხმულ აქვს მცირე ზომის 45 გრამიან შეფუთვებში, რომელიც ძირითადად სასტუმრო სექტორისთვისაა განკუთვნილი, თუმცა წარმატებით იყიდება ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებშიც.
კომპანია ასევე აწარმოებს კრემ თაფლას. კრემ თაფლი მიიღება თაფლის კრემირების (ათქვეფის) პროცესის შედეგად. დავით ალექსიძის თქმით, კრემ თაფლი ინარჩუნებს თაფლისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისებას და ამავდროულად იძენს განუმეორებელ გემოს და შოკოლადის კარაქის მსგავს კონსისტენციას. მისი შეძენა „აგროჰაბსა“ და „გუდვილშია“ შესაძლებელი.
„ჩვენ არ გვაქვს ჩვენი მეფუტკრეობა, თუმცა გვაქვს გადამამუშავებელი საწარმო და ვთანამშრომლობთ საქართველოში არსებულ დიდ მეურნეობებთან, ვიბარებთ თაფლს, ჩვენ საწარმოში იფილტრება, ისხმება ჭურჭელში და ხდება ეტიკეტირება და შემდეგ გადის გასაყიდად.
წარმოდგენილები ვართ „აგროჰაბში“, „ნიკორაში“, „ფრესკოში“, „ევროპროდუქტში“ და „სმარტში“, ასევე ვამარაგებთ მთელ რიგ სასტუმროებს. მცირე 45 გრამიან შეფუთვაში თაფლის ჩამოსხმის იდეა იყო რომ სასტუმროებისთვის მიგვეწოდებინა, თუმცა მაღაზიებსა და აფთიაქებშიც შეგვაქვს.“ – აღნიშნა დავით ალექსიძემ.
სამომავლოდ „აგრიაპი“ გეგმავს, რომ კრემ თაფლის სხვადასხვა ხილის გემოთი გამოშვებას, ასევე აპირებს, რომ გამოუშვას სხვა 20 გრამიანი მცირე ზომის შეფუთვაც.