თაფლის ექსპორტი ზედიზედ მესამე წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს საქართველოდან 271 150 აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, თანხაში 64.41%-იანი, ხოლო მოცულობაში 69.4%-იანი შემცირებაა. საქსტატის თანახმად, საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2019 წლიდან გააქტიურდა, რეკორდულ ნიშნულს 2022 წელს მიაღწია (1,1 მლნ აშშ დოლარი, 218 ტონა), რის შემდეგაც კლების ტენდენცია ფიქსირდება.
საკითხზე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თაფლის მწარმოებელი კომპანია “რუხი დედოფლის” დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ ისაუბრა.
კვარაცხელიას თქმით, მათმა კომპანიამაც სხვა მწარმოებლების მსგავსად, შემცირებული ექსპორტის ფონზე ფინანსური კრიზისი განიცადა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ეთერში აცხადებს, „რუხი დედოფალი“ გადარჩენის რეჟიმზე გადაერთო და წარმოების შესანარჩუნებლად, სხვა კომპანიების მსგავსად, ფასების კორექციაც მოუწიათ.
„სხვა კომპანიებისგან განსხვავებული ვითარება ჩვენს კომპანიაშიც არ ყოფილა. თაფლის ექსპორტი საკმაოდ შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ გვქონია. ძალიან ცოტა რაოდენობა – ნახევარი ტონა გავიტანეთ 2024 წელს. ესეც კონკრეტული გამოფენისთვის იყო”, – განმარტა თამარ კვარაცხელიამ.
მისივე შეფასებით, საქართველო სხვა თაფლის მწარმოებელ ქვეყნებს კონკურენციას ფასის გამო ვერ უწევს. თუმცა, ქართული თაფლის ნიშა ხარისხია, რითაც მწარმოებლებს იმედი აქვთ, რომ ბაზარი სწორედ ხარისხზე იქნება ორიენტირებული და ექსპორტიც გაეზრდებათ.
„საერთაშორისო ბაზრებს ფასის თვალსაზრისით კონკურენციას ვერ ვუწევთ და სამწუხაროა რეალობაა, რომ კიდევ დიდხანს ვერ გავუწევთ. ამ ეტაპზე რაც გვაქვს, არის მაღალი ხარისხის თაფლი, რაც უნდა შევინარჩუნოთ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ევროპისა და აღმოსავლური ქვეყნებიც მიხვდებიან, რომ ფასი არ არის გადამწყვეტი და ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მეწარმეები ვიმედოვნებთ, რომ ექსპორტის მოცულობები გაიზრდება“, – აღნიშნა „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელმა.
