„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ მატრონა მოსკოველის ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე თავადაცაა გამოსახული ირმა ინაშვილთან ერთად.
„ტვ პირველმა“ გაავრცელა ფოტო, რომელიც მათი ცნობით, მატრონა მოსკოველის ხატის ერთ-ერთი ფრაგმენტია. აღნიშნულ ფრაგმენტზე ხალხია გამოსახული. ხალხს შორის წინა რიგში დგას ჭაღარა თმიანი კაცი და ქალი პიჯაკითა და ყელსახვევით. მედიის ცნობით, სწორედ ამ ორი ადამიანის გამოსახულებას ამსგავსებენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს – დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს.
თავის მხრივ, მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარს დავით თარხან-მოურავმა შესწირა.
„ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში დავით თარხან-მოურავი არ უარყოფს, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე მსგავსი ფრაგმენტი მართლაცაა, თუმცა არ ადასტურებს, რომ ხატზე თავადაა გამოსახული ირმა ინაშვილთან ერთად. მისი თქმით, ეს მორიგი ტყუილებია.
„მორიგი რაღაც ტყუილებია, გავაფრენ ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია. ეს არ არის რომ ჩვენ ვართ, რატომაა ცუდი, თუ ვიღაც სადღაც მუხლებზე სადმე დგას, ამას ვერ ვიგებ. როდის დაიწერა ეს ხატი? – 2018 წელს და მე თმები არ მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია მელოტი ვარ. შედარების უნარი ხომ არსებობს? – მე ეგეთი თმა მაქვს ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?! […]
მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი… მე მგონია, სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი. ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, მაგრამ თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება”, – ამბობს დავით თარხან-მოურავი.
მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.
როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.
9 იანვარს ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.
10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.
11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ, ამის მიზეზი კი, წმინდა მატრონასთან სტალინის შეხვედრის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებია.