“თაობის ორი გამორჩეული გოგო” – ლიკა ქავჟარაძე და ეკა მამალაძე მეათე კლასში: უცნობი ფოტოები, ამბები და თავგადასავლები

“ჩვენ მეექვსე კლასიდან ერთად მოვდიოდით. ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში კლასელები ვიყავით და ერთ მერხთან ვისხედით. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთად ხდებოდა – ჩემი გათხოვება, მისი გათხოვება, ბავშვის დაბადება… ჩემი მეჯვარე და ჩემი გოგიკოს ნათლია იყო, ჩვენი შვილები კი ძუძუმტეები იყვნენ…
ყველა მონაცემით გადასარევი გოგო იყო. დედამისი აქტიურად იყო ჩართული ლიკას აღზრდაში – სწავლაში, წასვლა-მოსვლაში. ლიკას ბიძა გეიდარ ფალავანდიშვილი მამაჩემის უახლოესი მეგობარი გახლდათ. ლიკას მშობლები გაშორებული იყვნენ და გეიდარი დიდ ყურადღებას აქცევდა ლიკას, ისევე, როგორც ბატონ გეიდარის მეუღლე მარინა რჩეულიშვილი, გურამ რჩეულიშვილის და. გურამ რჩეულიშვილის შვილი იაც ჩვენი კლასელი იყო.
ეპრანჭებოდნენ კი არა, შეშდებოდნენ, რომ ხედავდნენ, მაგრამ ლიკა იყო ძალიან თავმდაბალი, სუფთა… ქედმაღლობის ნატამალი არ ჰქონდა. არც გათამამებული ყოფილა. მე-8 კლასში ვიყავით, “ნატვრის ხეს” რომ იღებდნენ და რამდენიმე თვე მოუწია სკოლის გაცდენამ. ფიზიკის მასწავლებელი გადაეკიდა. მე მითხრა, მამალაძე, შენს მეგობარს გადაეცი, სულ სოფია ლორენი რომ გახდეს, მაინც არ ვაღირსებ ნიშანსო და მართლაც ორიანი გამოაყოლა. მერე მოემზადა ლიკა, იმეცადინა და ჩააბარა. ოთხიანი მიიღო. სკოლიდან რომ გამოვიდოდით, აუცილებლად უნდა გაგვევლო რუსთაველზე, დაგველია ლაღიძის წყალი, მერე კი ვიშლებოდით – ის საბურთალოზე მიდიოდა, მე – ელბაქიძის აღმართის ჩავლით “პლეხანოვისკენ”.


ბოლო დროს დაბადების დღეებსა და წლის სხვა მნიშვნელოვან დღეებში ვხვდებოდით, თუმცა ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდით… ამბობდა, ცუდად ვარო, თუმცა არასდროს წუწუნებდა. ცოტა გასუქდა. დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა: “იცი, რამდენს დავდივარ? ნახე, მალე გავხდები…” მოგვიანებით ხატვა დაიწყო, გამოფენაც ჰქონდა… ძალიან უხაროდა. იცი, რაები გავაკეთე? მოდი ჩემს გამოფენაზეო, მახარა.
მისი ხსენებისას პირველად მისი სიცილი მახსენდება… ისე კისკისებდა, გემრიელად… შემოგანათებდა მისი თეთრი კბილები და ულამაზესი თვალები. მახსოვს, თეირანში ფესტივალზე მიდიოდა. ისე ვემზადებოდით ამ ვიზიტისთვის ყველანი!.. ნანის ვარდისფერი კაბა ჩავაცვით, გამოვაწყვეთ… გასაგიჟებელი იყო! ალბათ, გადარია ყველა, თუმცა ნანის კაბა არაფერ შუაშია – ლიკას ჯვალო რომ ჩაეცვა, მაინც ლამაზი იყო”, – ეკა მამალაძე.
“ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით…
შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით… ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა…
დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც არავინ გვიშლიდა… “ნატვრის ხის” შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი.
საერთოდ, შინაგანად უკომპლექსო პიროვნება ვარ, მაგრამ რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, აი, ასეთი ლამაზი და პოპულარული გოგო მიყვარდა. იმედიც არ მქონია მაინცდამაინც და არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მასაც გაუჩნდა მერე გარკვეული გრძნობა ჩემ მიმართ…” – სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ლიკა ქავჟარაძის მეუღლე.
“მე, ლიკა და ეკა მამალაძე ხშირად დავდიოდით ერთად. მუსიკალურ ათწლედში ძალიან ცოტა ბიჭი სწავლობდა და სკოლის მერე რომ მოვდიოდით, მე ამ ლამაზი გოგონების დაცვა მიხდებოდა – ზოგი ეპრანჭებოდა, ზოგი კომპლიმენტებს ეუბნებოდა, ამიტომ სულ ჩხუბი მიწევდა…
ლიკაზე ყველა გიჟდებოდა. იყო ძალიან ხალისიანი, სუფთა, ნათელი… ფილმში – “როცა აყვავდა ნუში” მხოლოდ ერთხელ ჩანს, ერთხელ უნდა გაიაროს, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. მაშინ არ ვიცნობდი. მახსოვს, ერთხელ რუსთაველზე გაიარა… ასე, 50 ბიჭი პირდაღებული ვიდექით და ვუყურებდით ამ საოცარ მშვენიერებას… მერე მუსიკალურში რომ გადავედი და კლასელები აღმოვჩნდით, გავგიჟდი სიხარულით. ძალიან დავმეგობრდით. ყველა ბიჭი გულში, ალბათ, შეყვარებული იყო ლიკაზე, მაგრამ რეალურად ვერ აღვიქვამდით – ზღაპრიდან გადმოსულ მზეთუნახავს ჰგავდა, თვითონ კი ძალიან თავმდაბალი და უშუალო იყო. სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ უფრო ვიცით ხოლმე ჩვენი მსახიობების დაფასება. გული მწყდება – მეტს იმსახურებდა, ვიდრე ჰქონდა.
P.S. ლიკა ქავჟარაძე ახლა 60 წლის იქნებოდა. სამახსოვროდ უამრავი კადრი დაგვიტოვა.
ლაღი, მომხიბვლელი, მოღიმარი და სიცოცხლით სავსეა ფილმში “პეპელა”. ჩემს მეხსიერებაში სწორედ ამ ფილმით დარჩება ლიკა ქავჟარაძე. ხელისგულებზე რომ დაჰფარფატებდნენ, იმ პეპლებს დაედევნა და გაფრინდა…”, – .