31 წლის კაცი, რომელიც პოლიციას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში, შანტაჟსა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, “მთავარ არხს” რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა. ზურა მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია, ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცის სრულ იდენტიფიცირებას ,მისივე თხოვნით არ ვახდენთ. პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვრცელ ინტერვიუში დეტალურად ყვება, რა გზებით აიძულებდა ძალოვანი უწყება მათთან თანამშრომლობას.
ყველაფერი 2023 წლის 12 დეკემბერს საღამოს, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოსთან დაიწყო. ზურა გვიყვება, რომ დიღომში, მეგობართან სტუმრად მყოფს, მოულოდნელად კრიმინალური პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი თავს დაესხა და ჯიბეში, როგორც შემდეგ გაირკვა, ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო.
მონაყოლიდან ირკვევა, რომ ნარკოტიკის ჩადების შემდეგ, დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, ახალგაზრდა კაცის შანტაჟსა და მუქარაზე გადავიდა.
ზურა ამტკიცებს, რომ ჯიბეში პოლიციის მიერ ჩადებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, რადგან ფლაკონზე არა მისი, არამედ პოლიციელების თითის ანაბეჭდები აღმოჩნდებოდა.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გვიყვება, რომ მუქარის შემდეგ სამართალდამცველები იძულებაზე გადავიდნენ და უთხრეს, რომ თუ მათთან ითანამშრომლებდა და სასამართლოზე ჩვენებას არ შეცვლიდა სასჯელი მხოლოდ მცირე ფულადი ჯარიმით შემოიფარგლებოდა.
მეტადონის პროგრამის ბენეფიციარმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას არაერთხელ მოუყვა, როგორ გახდა შანტაჟისა და ძალადობის მსხვერპლი. ბევრი ზარის მიუხედავად, უწყება, რომელსაც, პოლიციელების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლა ევალება, ამბით არც კი დაინტერესდა. ამის დადასტურება ზურამ ჩვენი თანდასწრებითაც მოახდინა.
ზურა გვიყვება რომ დიღომში მომხდარი შემთხვევიდან მალევე პოლიციის სამმართველოში ის ისევ დაიბარეს. ამჯერად უკვე კატეგორიულად უთხრეს , რომ პოლიციასთან უნდა ეთანამშრომლა და მათ სხვადასხვა პირის დაკავებაში დახმარებოდა.
ფაქტი დიღმის პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსთან მიმოწერებითაც დასტურდება. გიორგი რუსიშვილი ახალგაზრდა კაცს პერმანენტულად – “ვოთსაფის” მეშვეობით უკავშირდებოდა და მითითებებს აძლევდა.
ფაქტის გადამოწმების მიზნით, ვცადეთ გიორგი რუსიშვილს დავკავშირებოდით, თუმცა დიღმის პოლიციის უფროსი სამმართველოში არ დაგვხვდა. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.
დაინტერესდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ან სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმით ჯერ-ჯერობით უცნობია. ზურა ამტკიცებს რომ მას გამოძიების დასაწყებად ყველა მტკიცებულება აქვს, ამის შესახებ უთხრა ყველას, თუმცა მისი მოსმენა არავინ მოისურვა. დაზარალებული კაცი ამბობს რომ ობიექტური შესწავლის შემთხვევაში გამოძიება პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან გადაცდომას აუცილებლად დაადგენს. მეტადონის პროგრამის ბენეფიციარმა მომხდარის შესახებ სახალხო დამცველსაც მიმართა.
რეპორტაჟის გმირს, სამართალდამცველები დღეს ისევ დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ მან “შაბათის მთავართან” ღიად ისაუბრა პოლიციელების მხრიდან იძულებაზე.
