15 ნოემბერს ტაშკენტში დაიწყო „ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურთა მეშვიდე საკონსულტაციო შეხვედრა“, რომელიც 16 ნოემბერს დასრულდება და რომელზეც მოელიან, რომ გაფორმდება მრავალმხრივი თანამშრომლობის არაერთი შეთანხმება. სამიტში მონაწილეობენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და აზერბაიჯანის ლიდერები.
„ჩვენ არ ვაშენებთ კედლებს – ჩვენ ვაშენებთ ხიდებს“, – დაწერა სამიტამდე ერთი დღით ადრე მასპინძელი ქვეყნის – უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა თავის ვრცელ სტატიაში, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა „რეალური ერთიანობის“ იდეას, ამ კუთხით დღემდე მიღწეულ პროგრესსა და ერთობლივად განვითარების პერსპექტივას ეხება: „ეს პროცესი სპონტანური არ არის, არამედ არის ქვეყნების ლიდერთა მიზანმიმართული მუშაობისა და პოლიტიკური ნების შედეგია, რომლებმაც აღიარეს საერთო ბედისწერა“.
მირზოევი წერს, რომ ტაშკენტის სამიტი ცენტრალური აზიის პროცესის „ახალ ქვაკუთხედად“ იქცევა:
„მსოფლიო წესრიგის მნიშვნელოვანმა ტრანსფორმაციამ, გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციის რისკებმა და კლიმატური ცვლილების, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების გაუარესებამ გაამძაფრა ჩვენი სწრაფვა კონსოლიდაციისკენ. ეს ყველაფერი ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან კიდევ უფრო მეტ ერთიანობასა და კოორდინირებულ მოქმედებებს მოითხოვს. ამიტომაც, დღეს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება უბრალოდ პოლიტიკური ამოცანა კი არა, სტრატეგიული აუცილებლობაა. ცენტრალური აზია იქცა სტაბილურობისა და შემოქმედების ზონად. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მყარი საფუძველია ფართო რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობა მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“.
უზბეკეთის პრეზიდენტი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის საზღვრების საკითხის საბოლოო მოგვარება – ის, რომ ორმხრივი საზღვრების მთელი პერიმეტრი იურიდიულად გაფორმდა:
„ის, რაც შეუძლებლად მოჩანდა, რეალობად იქცა. საზღვრები, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთისგან გვაცალკევებდა, ახლა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხიდებად იქცა“.
ამის შემდეგ პრეზიდენტი მირზოევი ყვება ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის განვითარების ბოლო წლების ისტორიას, მათ შორის „ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურთა საკონსულტაციო შეხვედრების“ შვიდწლიან ისტორიას და აცხადებს, რომ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო გარე აქტორებთან უფრო ეფექტიან ურთიერთობებს:
„რეგიონული კონსოლიდაციის გაძლიერების წყალობით, ცენტრალურმა აზიამ თავი უკვე დაიმკვიდრა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელმა და პასუხისმგებლიანმა მონაწილემ, საკუთარი ინტერესებისა და განვითარების გზების მკაფიო ხედვით. „ცენტრალურ აზიას პლუს“ თანამშრომლობის ფორმატები ასახავს რეგიონის მზარდ საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსსა და მის აღიარებას მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად.
…ამჟამად „ცენტრალურ აზიას პლუს“-ის ათზე მეტი ფორმატი არსებობს, რომლებიც ცენტრალურ აზიას წამყვან ქვეყნებთან და ბლოკებთან აკავშირებს. მხოლოდ მიმდინარე წელს ჩატარებული სამიტები: „ცენტრალური აზია – ევროკავშირი“, „ცენტრალური აზია – ჩინეთი“, „ცენტრალური აზია – რუსეთი“, „ცენტრალური აზია – აშშ“ ადასტურებს გლობალურ პოლიტიკაში ამ რეგიონის მზარდ დინამიკასა და სტრატეგიულ მნიშვნელობას“.
უზბეკეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა იძლევა ასპარეზს უფრო მასშტაბური ეკონომიკური ზრდისთვის:
„სახელმწიფოთა ძალისხმევით, ყალიბდება ახალი ეკონომიკური რეალობა. ბოლო რვა წლის განმავლობაში ცენტრალური აზიის ქვეყნების ნაერთი მშპ გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ და მიაღწია 520 მილიარდ აშშ დოლარს, საგარეო ვაჭრობის მოცულობა კი გაიზარდა ორჯერადზე მეტად და 253 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე დროს გაორმაგდა რეგიონის ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა და 11 მილიარდ დოლარს მიაღწია, ორმხრივი ინვესტიციების მოცულობა 5.6-ჯერ გაიზარდა. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თუ ვიტყვით, უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა რეგიონის ქვეყნებთან სამჯერ გაიზარდა – 2016-ში 2.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.2 მილიარდ დოლარამდე 2024 წელს. ერთობლივი საწარმოების რაოდენობამ კი 1800-ს გადააჭარბა“.
შავკატ მირზოევს რეგიონის უსაფრთხოებაზე მსჯელობისას შემოაქვს ავღანეთის ფაქტორი:
„რეგიონული მედეგობის განმტკიცება შეუძლებელია ავღანეთთან დაკავშირებული საკითხების მოუგვარებლად. ეს ქვეყანა პერიფერია არ არის, არამედ საერთო რეგიონის ბუნებრივი ნაწილია. ცენტრალურ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მდგრადობა დიდწილად დამოკიდებულია ავღანეთის აღდგენა-განვითარებაზე.
…გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტრანს-ავღანური რკინიგზის მშენებლობას, რომელიც უნდა იქცეს ცენტრალური და სამხრეთ აზიის დამაკავშირებლად. ამ პროექტის განხორციელება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტირებისა და სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის. ის იქცევა ავღანეთის ეკონომიკური აღმშენებლობის საფუძვლად“.
უზბეკეთის ლიდერი ხაზს უსვამს ცენტრალური აზიის მოსახლეობის რაოდენობასა და საშუალო ასაკობრივ მაჩვენებელს:
„ცენტრალური აზიის მოსახლეობა უკვე აჭარბებს 80 მილიონ ადამიანს და გაეროს პროგნოზით, 2050 წელს 100 მილიონს გადააჭარბებს. ცენტრალური აზია არის აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რეგიონი მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის საშუალო ასაკი 29 წელია. ჩვენი ამოცანაა, ეს დემოგრაფიული რესურსი ვაქციოთ პროგრესისა და ინოვაციის მძლავრ ფაქტორად, შევქმნათ პირობები ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის“.
მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები იმყოფებოდნენ ვაშინგტონში.
radiotavisupleba.ge




