თბილისის მერიის თანამშრომელი, საბა ქარელი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ გამოცხადებული სადამსჯელო რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ქარელი, ასევე, ამბობს, რომ “ტრაგედიაა, როდესაც საჯარო მოხელეს კონსტიტუციის დაცვის მოწოდებაზე ხელმოწერის გამო სჯიან”.
“ეს დღეც დადგა, ოფიციალურად მაცნობეს, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული სადამსჯელო რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ტრაგედიაა, როდესაც საჯარო მოხელეს კონსტიტუციის დაცვის მოწოდებაზე ხელმოწერის გამო სჯიან, რა თქმა უნდა ძალიან უსამართლოა ეს ყველაფერი და ეს ამ სახელმწიფოს არ ეკადრება, მე ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ, არცერთ ჩემს ნაბიჯს საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე, მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით და ამავე ფიცის დაცვას გავაგრძელებ, რომელიც თქვენ ცარიელ სიტყვებად გადააქციეთ, რამეთუ ეს და სხვა ყველა თქვენი სადამსჯელო გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და დროებითი! ბრძოლას თავისუფალი საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გპირდებით მივიყვანთ ბოლომდე, თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს, ჩვენ გაჩვენებთ ეს როგორ ხდება!
პ.ს. ჩემმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი ერთადერთი შემოსავალი იყო სახელფასო ანაზღაურება, ასე, რომ ახლა, რადგან სამსახურიც აღარ მაქვს და თავისუფალი ვარ და ველოდები საინტერესო შემოთავაზებებს”, – წერს ჯაბა ქარელი სოციალურ ქსელში.
