თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებას

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი წერილს ავრცელებს და ემიჯნება ცენტრის 15 მაისის განცხადებას, რომლითაც გააფრთხილა ის უნივერსიტეტები, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვის გამო.
ცენტრის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეს განცხადება ჩრდილს აყენებს საქართველოს ახალგაზრდობას, მათ გულწრფელ და სამართლიან პროტესტს.
„ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი,“ — ნათქვამია ცენტრის თანამშრომელთა განცხადებაში.
ცენტრის თანამშრომლები ხაზგასმით აღნიშნავენ, ისინი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით და მათთან ერთობით დაიცავენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
„საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე. ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური, თითოეული პროფესორი და სტუდენტი კი თავისუფალი საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად,“ — ნათქვამია განცხადებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა წერილს ამ დროისთვის 50-მდე ადამიანი აწერს ხელს, თუმცა ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია.
მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის გაპროტესტების მიზნით გაფიცვის შესახებ 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა და ლექტორებმა 13 მაისს განცხადება გაავრცელეს. ამ სიას 14 მაისს, კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კიდევ არაერთი უნივერსიტეტი დაემატა.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ