„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, ხიდის კონსტრუქცია ისე გამაგრდეს, ავტომობილმა დარტყმის შემდეგ ენერგია დაკარგოს და როგორც მინიმუმ, წყალში არ გადავარდეს“
„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, ხიდის კონსტრუქცია ისე გამაგრდეს, ავტომობილმა დარტყმის შემდეგ ენერგია დაკარგოს და, როგორც მინიმუმ, წყალში არ გადავარდეს. ასეთი კონსტრუქციების გაკეთება აუცილებელია, რათა ადამიანური შეცდომის, მანქანის გაუმართაობისა თუ სხვა ფაქტორების გამო შემთხვევათა ფატალური ან მძიმე შედეგებით დასრულება თითქმის გამოირიცხოს“, – ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ „რადიო პალიტრა“-ს გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მარტში მეტეხის ხიდზე 3 ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, როცა მანქანა მტკვარში გადავარდა – პირველი მათგანი მსხვერპლით დასრულდა.
„მეტეხის ხიდზე მარტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი ჯერჯერობით არ გაკეთებულა, შესაბამისად, ზუსტ მიზეზებზეც არაფერი ვიცით. განვითარებულ ქვეყნებში, თითოეული ასეთი შემთხვევისას, ადგილზე სპეციალური მონიტორინგის სამსახური გადის და ინსპექტირებას ატარებს. თუკი ავტომობილის გაუმართაობა გამოირიცხება, კვლევა-ძიება სრულად საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარეობს.
მსგავსი ინციდენტები წინა წლებშიც გვქონდა, აქედან გამომდინარე, ყველა ხიდი, რომელიც სპეციალურად, ხაზს ვუსვამ – თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გამაგრებული არაა, შეგვიძლია, „შავ წერტილად“ მივიჩნიოთ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არ არსებობს მონიშვნა ან რაიმე სახის განმასხვავებელი, რაც ასეთ ხიდებსა თუ მონაკვეთებზე შესაძლო საფრთხეზე მიგვანიშნებს“, – აღნიშნა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა.
შეგახსენებთ, კანონმდებლობის თანახმად, „შავ წერტილად“ მიიჩნევა ისეთი ადგილი, სადაც 2 წლის განმავლობაში 3 საგზაო შემთხვევა მოხდება და ადამიანი ფიზიკურ დაზიანებას მიიღებს. თუმცა, კანონმდებლობაში არაა დადგენილი შემდგომი პროცესი იმისა, როდესაც კონკრეტული ადგილი თუ მონაკვეთი „შავ წერტილად“ გამოცხადდება.
www.bpn.ge
