ახალი მიდგომები ბიზნესში, პროცესების განსხვავებული მართვა, დისტანციური გაყიდვები, მეტი დიგიტალიზაცია – საავტომობილო ინდუსტრიაში გაჩენილმა ახალმა მოთხოვნებმა მომხმარებლის ქცევა შეცვალა და მომსახურების ბიზნესში უფრო მოქნილი საპასუხო ქმედებები მოითხოვა.
„თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ, თუ წინა წლებში კომპანია ახალი მიდგომების დანერგვაზე იყო კონცენტრირებული, 2023-მა წელმა ამ სტრატეგიის ეფექტიანობა დაადასტურა და განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად დააჩქარა.
სანდრო ნერგაძე, „თეგეტა მოტორსის“ დირექტორი: „გასული წელი, როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით, რეკორდული მაჩვენებლებით და მნიშვნელოვანი სიახლეებით დავასრულეთ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი ვაკის სერვისცენტრის განახლება და ახალი შოურუმის გახსნა იყო, სადაც კონცეპტუალურად ახალი მიდგომა დავნერგეთ. სრულად შევცვალეთ ურთიერთობის ფორმა – ყველა საჭირო დეტალზე სათანადოდ გადამზადებული სერვისის მენეჯერი ზრუნავს და ავტომფლობელს გამართულ მანქანას აბარებს“.
ახალი მასშტაბური საავტომობილო კომპლექსის მშენებლობისათვის თეგეტამ 60-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც აშენდა „თეგეტა მოტორსის“ სრულიად ახალი შოურუმი, განახლდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა სერვისცენტრი, ტერიტორიაზე განთავსდა სასაწყობე სივრცეც. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს როგორც სრული, ისე სწრაფი სერვისებით. განახლებულ სერვისში ერთდროულად – 50-მდე, დღის განმავლობაში კი 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. აქვეა განთავსებული გერმანული წარმოების ავტომობილის სარეცხი პორტალები.
სანდრო ნერგაძე, „თეგეტა მოტორსის“ დირექტორი: „ჩვენი ახალი სერვისცენტრი გამორჩეულია არა მხოლოდ იმ 28 ფილიალს შორის, რომლებსაც „თეგეტა მოტორსი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს, არამედ მთელ რეგიონში. ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციურ სერვისცენტრში დავნერგეთ არაერთი ტექნიკური თუ პროცესული სიახლე, ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლებისგან მივიღეთ უახლესი დანადგარები. მეტი უსაფრთხოებისათვის სამუშაო სივრცეები CO2დეტექტორებით აღიჭურვა. გამონაბოლქვის მომატებისთანავე ტექნიკური გამწოვები გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებზე. ჩვენი ახალი შენობა-ნაგებობები სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. გადახურვაზე დამონტაჟებული 700-ზე მეტი მზის პანელი კი საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ, მასშტაბურ პროექტთან ერთად, შთამბეჭდავია გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები. 2023 წელს „თეგეტა მოტორსის“ შემოსავალმა 300 მილიონი ლარი შეადგინა. გაფართოვდა მომსახურების ქსელი. საერთო ჯამში, თეგეტას მექანიკოსების მიერ შეკეთებული ავტომობილების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დიგიტალიზაციის კუთხით განხორციელებულმა სისტემურმა ცვლილებებმა კი მომსახურების მიწოდების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი: „ვცდილობთ, შევქმნათ მოსახერხებელი და კომფორტული გარემო როგორც ჩვენი გუნდის წევრების, ისე მომხმარებლებისათვის. დავნერგეთ საავტომობილო სფეროზე მორგებული ARTWIN სისტემა, რომელიც მომხმარებელს ვიზიტის დაჯავშნას უმარტივებს. უარი ვთქვით ქაღალდის მოხმარებაზე და ყველანაირი დოკუმენტაცია დიგიტალსივრცეში გადავიტანეთ. დაინერგა ინტეგრირებული ტერმინალების სისტემა, რაც გადახდის პროცესს ამარტივებს. პარალელურად ავამოქმედეთ რიგების მართვის სისტემა შოურუმებში. სიახლეა ელექტრონული კომერციის კუთხითაც – თეგეტას ციფრულ მაღაზიაში მომხმარებელს უკვე ხელი მიუწვდება არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ჩვენი პარტნიორების საწყობებზე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა რაოდენობაც გასულ წელს კიდევ უფრო გაიზარდა. შედეგად, ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი ავტონაწილის შესაკვეთად მომხმარებელს ნაკლები დრო დასჭირდება, ხოლო არჩევანი მეტი ექნება. სულ მალე კი „თეგეტა მოტორსის“ ყველა სერვისი ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში, თეგეტას აპლიკაციაში მოიყრის თავს“.
სატვირთო ავტომობილების სერვისზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია 2023-შიც შენარჩუნდა. საქართველოს, როგორც შუადერეფნის, როლის გაძლიერებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება სატვირთო გადაზიდვები, რაც, თავის მხრივ, სატვირთო ავტოტრანსპორტის სერვისზე გაზრდილ მოთხოვნას განაპირობებს. „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ, 2022-თან შედარებით, გასულ წელს კომპანია 35 000-ით მეტ სატვირთოს, ჯამში, 85 000-მდე მომხმარებელს მოემსახურა.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი: „სატვირთოების მიმართულებით უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ პროექტზე. საუბარია მულტიბრენდული სივრცის შექმნაზე, სადაც ავტომფლობელი ყველა საჭირო სერვისის მიღებას შეძლებს. ჩვენი კვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს თანამედროვე დანადგარების დახმარებით გაუწევს მომსახურებას. იქვე იქნება განთავსებული ტერმინალი, ცალკე გამოიყოფა სივრცე საწყობისთვისაც“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდა თითოეულ მიმართულებაში უკვე დათვლილია. 2023 წელს „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსებმა 5000-მდე გასვლითი, ადგილზე მომსახურების სერვისი გასწიეს. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში 15 მობილური ჯგუფი იყო გადანაწილებული. გაწერილია სამომავლო გეგმებიც: პრიორიტეტულია გენერატორების, მობილური და სტაციონარული ამწეების მომსახურების უზრუნველყოფა. ასევე ჰიდრავლიკური ცილინდრების დამზადების სერვისის განვითარება და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებენ „თეგეტა მოტორსში“ შედეგების ზრდას კიდევ ერთ არხში. TAX FREE მიმართულებაში რეალიზაციამ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამასთანავე, ნატახტარში გაჩნდა კიდევ ერთი ფილიალი, სადაც TAX FREE მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
სანდრო ნერგაძე, „თეგეტა მოტორსის“ დირექტორი: „კიდევ ერთი ფილიალი შეემატა თეგეტას ქუთაისშიც. ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. მომხმარებელს ფილიალში სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და დღის განმავლობაში 70-ზე მეტ ავტომფლობელს ვემსახურებით. შედეგები თვალსაჩინოა, რაც ადგილობრივი გუნდის დამსახურებაა. სულ კი, გასულ წელს გახსნილ სერვისცენტრებში: თბილისში, ქუთაისსა და ნატახტარში, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა“.
„თეგეტა მოტორსი“ 300-მდე ბრენდის პარტნიორია საქართველოში. მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Petronas, Shell, ასევე ფრანგული ბრენდი MOTUL, რომელთანაც თეგეტა უკვე თითქმის 15 წელია თანამშრომლობს. ეს პარტნიორობა გასულ წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და ქვეყნის ფარგლებს გასცდა. სადილერო ხელშეკრულება 2023-ის ბოლოს გაფორმდა და დღეს ნიშური ბრენდის პროდუქციას თეგეტა აზერბაიჯანშიც წარმოადგენს. MOTUL-ის მაღალტექნოლოგიური საცხებ-საპოხი მასალები ხელმისაწვდომია როგორც თეგეტას წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით. სამომავლოდ კომპანია ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას გეგმავს.
საქართველო, სომხეთი და ახლა უკვე უზბეკეთი – სამ ქვეყანას ფარავს „თეგეტა მოტორსი“ კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის MOBIL-ის წარმომადგენლობებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ოფიციალური სადილეროს გახსნა ფორსირებულ რეჟიმში, წარმატებული სატესტო გაყიდვების შემდეგ გადაწყდა. პირველ ეტაპზე თეგეტამ მსოფლიოს წამყვანი ნავთობკორპორაციის, Mobil-ის 70 დასახელების პროდუქტი ცენტრალური აზიის ქვეყანაში უკვე შეიტანა. მიმდინარე 2024 წელს კი ასორტიმენტის გაორმაგებას აპირებს.
მომავალი წლის გეგმებში კომპანიას გაწერილი აქვს ბაზრის წილის გაფართოება, ახალი ფილიალების მშენებლობა, ექსპრესფილიალების განვითარება და საქმიანობის მასშტაბის ზრდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გაფართოების საფუძველი უკვე ჩაყრილია და პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება.
ინფორმაციას “თეგეტა მოტორსი” ავრცელებს.