თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სახელმწიფო ბრალდებამ გასულ სხდომაზე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი მისცემს ჩვენებას. ბაჩიაშვილის თქმით, მან თანხა გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ამ პირისგანაც ისესხა.
დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომელიც გერმანიაში ჩატარდა. აღნიშნული დასკვნა ბაჩიაშვილის განმარტებით, მისი და ბიძინა ივანიშვილის აუდიოჩანაწერს ჩაუტარდა. აღნიშნულ ჩანაწერზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ ავთენტური არ იყო და ბევრი წყვეტა ჰქონდა. სწორედ, აღნიშნულ ჩანაწერს ჩაუტარა დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზა.
ადვოკატმა დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა და დასკვნის გამცემი ექსპერტის დაკითხვა ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
