თანადაფინანსების პროგრამა მშენებარე სასტუმროებისა და აპარტჰოტელებისთვის HMG-ისგან – პირობები

სასტუმროების განვითარების და მენეჯმენტკომპანია „ჰორეკა მენეჯმენტ გრუპი“ (HMG) საქართველოში მშენებარე სასტუმროებისა და აპარტჰოტელების თანადაფინანსების პროგრამას იწყებს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ „ჰორეკა მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა.
სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამას, HMG, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმომადგენლობა კანადაშიც გახსნა, სწორედ კანადური საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით იწყებს.
„პროგრამის მიზანია, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პროექტების წახალისება, განსაკუთრებით იმ ფაზაში, როცა ობიექტი ჯერ კიდევ მშენებლობის ან დაგეგმარების ეტაპზეა“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი პაპიაშვილი „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც მან პროგრამის პირობების შესახებ ძირითად კითხვებსაც უპასუხა.
– რა სახის მხარდაჭერას ითვალისწინებს თანადაფინანსების პროგრამა?
– პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ საკონსულტაციო მომსახურების 70%-იანი თანადაფინანსებით. სერვისები მოიცავს: პროექტირებისა და ტექნიკური დაგეგმვის მხარდაჭერას; ინტერიერისა და ფასადის დიზაინის კონცეფციების შემუშავებას; ოპერაციული მოდელის დაგეგმვას და ბიზნესპროცესების სტრუქტურირებას; მარკეტინგული პოზიციონირების, ბრენდირების და გაყიდვების სტრატეგიის ფორმირებას; საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის ან ფრენჩაიზინგის შესაძლებლობების შეფასებას. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე კანადელი სასტუმრო სექტორის სპეციალისტები და ექსპერტები, რაც ადგილობრივ და გლობალურ ცოდნას აერთიანებს.
– რა არის პროგრამაში ჩართვის პირობები და როდიდან დაიწყება განაცხადების მიღება?
– პროგრამაში მონაწილეობის პირობებია: ობიექტი არ უნდა იყოს მოქმედი, უნდა იმყოფებოდეს განვითარების ადრეულ ეტაპზე და უნდა მოიცავდეს მინიმუმ 20 ნომერს. დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება 20 პროექტს ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც 10 თბილისსა და ბათუმში იქნება, ხოლო დანარჩენი – საქართველოს სხვა რეგიონებში. განაცხადების მიღება დაიწყება 5 მაისიდან და 2026 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.hmg.ge
– რა არის პროგრამის ძირითადი მიზანი?
– პროგრამა მიზნად ისახავს სასტუმროების განვითარებას იმგვარად, რომ ისინი თავიდანვე შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს – როგორც არქიტექტურულ-საინჟინრო, ასევე საოპერაციო და მენეჯმენტის თვალსაზრისით. მხარდაჭერა დაეხმარება პროექტებს სწორი კონცეფციის ჩამოყალიბებაში, სივრცის რაციონალური გამოყენებასა და ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით დაგეგმვაში. ოპერაციულ ნაწილში კი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პერსონალის მართვის, სერვისის ხარისხისა და საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციას, რაც უზრუნველყოფს პროექტის გრძელვადიან წარმატებას და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შერჩეული სასტუმროები ისარგებლებენ დამატებითი ბენეფიტებითაც – როგორც გახსნამდე, ასევე გახსნის შემდეგ. აღნიშნული ბენეფიტები გახდება ხელმისაწვდომი იმ პროექტებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამაში შესარჩევ ეტაპებს.