ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
იცით რა იყო განსხვავება ჩვენსა და ხელისუფლებას შორის? – ისინი მუშაობდნენ მასაზე მარტივი ხერხებით და ჩვენ ვცდილობდით გვეჩვენებინა რომ “ლეკვი ლომისა სწორია”, რომ “ბურთივით მრგვალი ლიბერალის” ფრაზებს ამახინჯებენ, რომ ეკლესია არ უნდა გადააქციონ სავაჭრო დახლად, რომ დავით აღმაშენებელს ომი უნდოდა, რადგან გვქონოდა მშვიდობა, რადგან მხოლოდ გამარჯვებულს აქვს მშვიდობა, ამიტომ ჩახერგა უკანდასახები გზა და ა.შ.
ბოლო დროს ეს განსხვავება იშლება.
ასე მოგვივიდა მაშინ, როცა თქვეს, რომ აი, სკოლის მოსწავლეებს რა უნდა რუსთაველზე, ჩვენ დაგვეზარა რთული გზით წასვლა, იმის თქმა ათასჯერ, რომ სკოლის მოსწავლეები იდგნენ 9 პრილის აქციაზე, რომ არათუ რა უნდათ რუსთაველზე, კანონით აქვს არასრულწლოვანს პროტესტის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია, მისი პროტესტის უფლება დაიცვას. სახალხო დამცველმა ეს კი ახსნა ერთხელ, მაგრამ რამდენმა გაიგო და რამდენჯერ უნდა აეხსნა რომ მეტს გაეგო, არც ეგ დაუთვლია ვინმეს.
და ჩვენ რა გავაკეთეთ?
ვთქვით, რომ კარგი, ხო, ბავშვების ფოტოებს აღარ დავდებთ რუსთაველიდან, ან აღარ წავიყვანთ, და სკოლები ჩაიხსნა აქციებიდან თითქმის სრულად.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ბავშვს არ შეუძლია, თურმე, მოისმინოს სიტყვა თავისუფლება, ან ფრაზა: – თავისუფლება რეჟიმის პატიმარს!
ბავშვს, რომელიც დედას ჰყავს წაყვანილი საჯარო სივრცეში, თურმე არ შეუძლია ეს მოისმინოს.
პირად სივრცეში არავინ შესულა.
არ მოუსმენია გინება.
არ დარღვეულა კანონი.
და ბავშვს შეეშინდაო.
რისი? – თავისუფლების?
ხვალ შეიძლება მარიამ ლაშხმა მითხრას, რომ მის შვილს კანონის ეშინია და ამიტომ ყველა კანონი უნდა გაუქმდეს.
კი, საშინელი სანახავი იყო ის ქალი, მაგიდიდან რომ წამოხტა ყვირილით, მოქნეული ხელით რომ გამოიქცა აქტივისტებისკენ და 2 ქალი რომ აკავებდა.
არაადეკვატური იყო, ფიზიკური დაპირიპირების პროვოცირება და მოწოდება იყო საჯარო სივრცეში.
ნებისმიერ იქ.მყოფ, კანონმორჩილ მოქალაქეს ამ ქალის ხელის ქნევასა და ყვირილის დანახვაზე პოლიცია და სასწრაფო ერთად უნდა გამოეძახებია.
იმავე დღესვე ამ ქალის სახლში სოც სამსახური უნდა მასულიყო და ფსიქოლოგის ვიზიტი ჩაენიშნა, რადგან გარკვეულიყო, მსგავსი არადეკვატური ქცევები ხომ არ არის ნორმა პირად სივრცეში და რამდენად ჯანსაღ პირობებში იზრდებიან მისი ბავშვები.
მაგრამ ეს რომ გავაგებინოთ ხალხს, რთულია, ჯერ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს, რისი უფლება აქვთ ბავშვებს, მერე ეს უნდა ავხსნათ მანამ, მანამ, მანამ სანამ არ გაიგებენ.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თავისუფლება კარგია.
პროტესტი საჯარო სივრცეში ნორმალური.
უნდა იცოდეს, რომ პროტესტის ჩახშობა ლანძღვით და ცემით, ხელით გაწევით – დანაშაულია და დასჯადი.
შოვიდან, იმ ღამესვე რომ არ გამოიყვანეს ბავშვები და დიდები, მთელი ღამე რომ სიცივისა და შიშისგან კანკალებდნენ, თურქეთი რომ დახმარებას გვთავაზობდა და უარი ვუთხარით და ეს ხალხი იქ ჩავტოვეთ ღამე, შესაბამისი ვეტრმფრენი რომ არ გვყავდა და არც დახმარება მივიღეთ – აი, ეგ იყო თუ ბავშვის და თუ დიდის უფლებების დარღვევა.
შოვში გადარჩენილ ბავშვს რომ დასდევდნენ, მოყევი, როგორ გადარჩი, ნაღდად თუ გადარჩი, ხომ არ იტყუებიო, ეგ იყო უფლებების დარღვევა.
ათასობით ბავშვს რომ შია – ეგაც.
ე.წ. ოცნების ქალაქში, ბათუმში, უსაფრთხო ეზო რომ არ აქვთ – ეგაც.
იმერეთში ბავშვებს რომ ელექტროენერგია არ ჰქონდათ სიღატაკის გამო და სახელდახელოდ დანთებულ ცეცხლში ამოიწვნენ, ეგაც დანაშაულია.
თორემ, “სჯობს სიცოცხლესა ნახრახსა” მე უკვე 6 წლის ასაკში ვიცოდი.
წითელქუდა იცის ბევრმა 3 წლის ბავშვმა და მგლის მუცლიდან ბებია ჰყავს გამოყვანილი.
უკეთესი ქვეყანა თუ გვინდა ასეა და აბა, იგივე თუ უნდა გააკეთოთ თქვენც, რაღა აზრი აქვს შეცვლას…
ცნობისთვის, თუ თვეების ბავშვს მუდმივად ეტყვით, რომ ფეხზე დადგომა საშიშია, მაქსიმალურად ეცდება, არ გაიაროს დიდხანს,
თუ 5-6 წლის ბავშვს ეტყვით, რომ სკოლაში ბავშვებს ეშინიათ, აუცილებლად შიში გაუჩნდება.
ამიტომაა აუცილებელი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს.
გარემო, სადაც ბავშვს ეტყვიან, რომ ის ვინც თავისუფლებას ითხოვს პროტესტის კანონიერი ფორმით, ცუდია, საცემია, არაა ჯანსაღი.
გარემო, სადაც მშობელი ხელით იწევს მეორე ადამიანისკენ, რომელიც თავს არ ესხმის ფიზიკურად, არაა ჯანსაღი.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
თავისუფლება სიმართლეს!