ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ლეონიძის “ფუფალა” რომ ცოცხალი იყოს, სელფებს რომ იღებდეს და ვიდეოებს, ლაივში რომ გამოდიოდეს, ყოველდღე ახალ ჯვარცმას მოვუწყობდით კომენტარებში, ყოველ დღე გოლგოთას გავატარებდით…
მაგრამ, ლეონიძის “ფუფალას” არ შევეხებით ცუდად, ლეონიძის “ფუფალას” არავის დავაჩაგვრინებთ, იმიტომ რომ ლეონიძისაა…
როგორი უცნაურია, არა?
არადა, ლეონიძემ იმიტომ გამოიტანა საჯაროდ, რომ ყველასი ყოფილიყო, ყველამ იცის, თითქმის ყველამ და მაინც მხოლოდ ლეინიძისია…
ალბათ, ფიქრობდა, მის ფუფალას თუ შევიყვარებდით, მისი ფუფალა თუ შეგვეცოდებოდა, მის ფუფალაზე თუ შეგვიტოკდებოდა ძარღვი სადღაც, მუხლთან მაინც, ყველა მომდევნო დროის ფუფალას ასე შევხედავდით…
მეც ვუყურებ ხოლმე ჩვენი დროის ვიდეოებს…
არა, ფუფალა არ მახსენდება ხოლმე, არც ლეონიძე…
ოცნებები მახსენდება, წარმოვიდგენ ხოლმე, რამდენად დიდია მისი ოცნება, რომ მთლიანად მასში ცხოვრობს… და მართალია, იქ, იმ ოცნებაში ცხოვრება უმეტესად მხიარულია, მაგრამ დარდიც ავსებს ხოლმე, ცრემლიც მოდის იქ…
და ისე მინდა ვიცოდე, მე ავატირე, თუ ჩემს გამო ტირის?
მეც წარმოვიდგენ ხოლმე თვალდახუჭული, როგორ ვცეკვავ, სხვანაირად ვცეკვავ, როცა წამოწოლი ვარ და თვალები მაქვს დახუჭული, სხვანაირად, ბევრად უფრო მოხდენილად, ბევრად ლაღად, ბევრად დაუღლელად, ბევრად მოქნილად, მაგრამ ჩემი ოცნება პატარაა, ვერ დამიტია, ამიტომ მხოლოდ ძილისწინ, ბალიშსჩახუტებული, თვალდახუჭული ვაძლევ თავს ასე ცეკვის უფლებას…
და უნდა იყვნენ, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენი დროის ფუფალები და დიდროები, უნდა იყვნენ, რომ გამახსენონ, შიშველი დავიბადე და მერე გამკოჭეს არტახებით, რომ გამახსენონ ოცნებები, რომლებიც მქონდა და დავმალე, კიდევ რაღაცეები, რისი მოყოლაც ახლა არ მინდა…
ვიცი, იტყვით, გაიფიქრებთ მაინც, ლეონიძის “ფუფალა” სხვა იყოო… სხვანაირიო…
ხო, რამდენიმე ფურცელზე სიტყვით გამოძერწილი ასატანი იყო…
მთელი ცხოვრება?
სულ? მუდამ?
ყველა რაღაცით განსხვავდება, პრინციპია ერთი…
ამიტომ დარჩა ლეონიძის ფუფალა ყველასთვის ნაცნობად და მაინც მხოლოდ ლეონიძის…
“ფუფალა მიჰფარდა იქვე ორღობეს მოსახვევში თავის ქოლგით, ბოხჩითა და თექვსმეტნაჭრიანი კაბით. მიდიოდა პურუჭმელი, დაბეგვილი, მოთუთქული, დაქოლვილი, ნაწამები, და არ იცოდა, რომ უკვე გაცემული იყო ყველა მისი დიდი საიდუმლოება, რომ ხვალიდან უკვე მზადდებოდა მისთვის გოლგოთა, ახალი ჯვარცმით…”
და ხან გამეღიმება ხოლმე, იმის წარმოდგენაზე, როგორები ვჩანვართ ჩვენ, იქედან, ოცნებაში მოქცეული ცხოვრებიდან და ხანაც ამეტირება…