თამო კეშელავა: ეს არის ჩვენი უმაგრესი აქტივისტი გოგოების დაშინების მცდელობა. გცემთ, გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ, გამოგიქვეყნებთ

“ელენეს წამების დასამტკიცებლად ძალიან დაეხმარება –ს დღევანდელი ბრიყვული განცხადება, სადაც შსს–მ აღიარა დანაშაული, არ დამემორჩილა და ძალით გავუკეთეო, დაწერა.
ანუ, შსს–მ არ უარჰყო არც ერთი ფაქტი დასახელებულიდან.
ოღონდ, არც ექსპერტიზა დანიშნა, ცხადია, დაზიანებების დასადგენად.
მეტიც, შსს, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლომდე გააშიშვლა, წერს, რომ ამ ყველაფერს იღებდა კამერით და თუ რამე და გაჩვენებთო, აცხადებს.
იმდენად ბევრი დანაშაული ჩაიდინეს ერთად, იმდენად მძიმე და ისე აღიარეს თავად, ისე აიხლართნენ და ისეთი კომენტარები მოისმინეს, რომ უბრალოდ გამოუშვეს, არც სასამართლოს დადგენილებით, არც 48 საათის გასვლის მერე – ამ გამოშვებითაც აღიარეს უკანონო დაკავება.
კი, ეს არის ჩვენი უმაგრესი აქტივისტი გოგოების დაშინების მცდელობა.
გცემთ, გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ, გამოგიქვეყნებთ.
თუ დეტექტორი ჰქონდათ, ლოგიკურადაც რა საჭირო იყო ეს უკანონო გაშიშვლება, ქოცო და თუ გააშიშვლეს, რაღა დეტექტორი იყო საჭირო და საერთოდაც, ელექტროდეტექტორით, რა შეიძლება იპოვო, დანა ექნებოდა თირკმელში დამალული?
ასეთი ქვეყანა გინდათ თქვენი ქალიშვილებისთვის, ცოლებისთვის, დედებისთვის?
და გგონიათ, თქვენ არ შეგეხებათ?
სოსო ჯაჭვლიანის ინტერვიუ ნახეთ, სადაც ჰყვება, მის ცოლს რა გაუკეთეს…
აგინებ ახლა გომელაურს ამის გაკეთებისთვის და იტყვის, პირველმა მაგინაო, ხო, აბა, პირველი ის ხომ არ მაგინებდა, მის ცოლს, მის ქალიშვილს კი არავინ შეხებია ჯერ, ხო, ჯერ, ვახო, ჯერ, არ დასჭირდეთ, თორემ, უარეს გაუკეთებენ შენს ოჯახს.
დალურჯებულ ხარებას და დალურჯებულ ღარიბაშვილს გაფიცებ, ვახო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
ცნობისათვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ პოლიციელებმა მას დაზიანება მიაყენეს და ასევე, იზოლატორში სრულად გააშიშვლეს, რა დროსაც ის ორ პოლიციელს ჰყავდა დაჭერილი. პოლიტიკოსმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით, “პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება” და“განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ”.