თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ბრაზი ისეთი უნდა, დათაზე რომ მაქვს, თუთაშხიაზე, თავისი საკეთებლის განსაზღვრაში რომ გაცვალა კიკუს და არამხოლოდ მისი ბედი. თავისი ადგილი სად იყო რომ ვერ იცოდა რაღაც მომენტებში.
თორემ, მუშნი ისედაც ხომ ვიცი ვინაა.
ბრაზი ისეთი უნდა, თამარ მეფეზე რომ მახრჩობს, ივანე რუსის გამო.
ბრაზი ისეთი უნდა, ილიაზე რომ მაქვს, “ბედნიერი” ერის დაწერისთვის, განმარტება, გამოყენების წესი მაინც დაეტოვებინა…
ბრაზი ისეთი უნდა, ერეკლე მეფეზე რომ მაქვს, ხმლით იყო ჩვენი ხსნა მხოლოდ და არა ქარქაშით და სადაც იმდენს გავუძელით, მაგასაც გადავიტანდით.
შეიძლება უცნაურია, მაგრამ სულ ვიცი თან, რომ ისინიც მართლები არიან, ჩემი ბრაზიც მართალია და ისინიც მართლები არიან, მათაც აქვთ იმ წამიდან გამომდინარე თავისი სიმართლე.
არა, ნაბან წყალს ბავშვს არ ვაყოლებთ და არავინ ამბობს აქ, რომ სხვა გაჭირვებულს არ უნდა დაუტოვო. უნდა დაუტოვო, მეტიც, მაშინაც უნდა დაუტოვო, თუ არ იცი. მიუვა, თუ არა. ასე ვთვლი მე, იმიტომ რომ ასე მასწავლა ცხოვრებამ.
ისინი ისხდნენ ციხეში 18 თვე, იმ ჯებირის გამო, რომელიც ჯანზეა, 400 ლარის დაზიანდაო და რომ გადაახდევინეს და მაინც ჩასვეს.
გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით.
რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა.
არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა, იმიტომ რომ ჩვენთან “კაცის წუწუნი ტეხავს”. ჩვენთან, ავთანდილის და ტარიელის ქვეყანაში! რა საოცარია, ხომ?
ჩვენთან გაჭირვებაზე საუბარის წუწუნი და ტირილი ქვია, ჩვენთან, გოგია უიშვილის ქვეყანაში, ნიკო ფიროსმანის ქვეყანაში, როგორი სიბრიყვეა, არა?
არც ის მოუყოლიათ, რა გადაიტანეს ამ 18 თვეში ციხეში, იმიტომ რომ კაცებმა არც ციხეზე უნდა თქვან, რომ ცუდია, ჩვენთან, ციხეზე ცუდი ისტორიების მოყოლაც ხიხია, ჩვენთან, ეგნატე ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის დედისნაშობამდე გაშიშვლებულ გაჭირვებაში.
მაგრამ ის თქვეს, ისევ გამოვალთ აქციაზე, ჩვენი ადგილი ხალხთანააო, იმ ხალხთან, ვის დანახვაზეც ასეთი წრფელი სიხარულის სიცილი ქონდათ.
მარტო იყვნენ საკანშიო, თავს ვიმართლებთ ახლა, გადაწოდების უფლება არ აქვთ სხვა საკანში და ბადრაგს ხომ არ დაუტოვებდნენო და სწორი თავის მართლებაა ეს, მხოლოდ თავის მართლება არაა სწორი.
არაფერი გვჭირს თავის სამართლებელი.
მაშინაც კი, თუ არ მოგეწონება, მერე რა, გაგიკვირდება და ზოგჯერ ისიც მართალია, ვისზეც ბრაზობ და შეიძლება შენი ბრაზიც მართალი იყოს.
წულუკიანს რაც შეეხება, მაგან რა იცის რა წესია “ციხეში”, ეგ ის ქალია, მინისტრობისას, ვიდეო რომ მიიტანა პარლამენტში და მედიას დაუგზავნა, მთელ ქვეყანას რომ აჩვენა, ციხეში, სახალხო დამცველის აპარატიდან ჯინსით და ქუდით შევიდნენ და პატიმართან ერთად ყავა დალიესო. პატიმართან ყავის დალევა რომ კომპრომატი ჰგონია, ეგ ქალი ციხის ექსპერტი რანაირად და რატომ გგონიათ.
ესაა ზუსტად მორალური უპირატესობა, მეორე ადამიანის ტყავი მოირგო, დაფიქრდე, რის გამო შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო, ოღონდ, შენი ცხოვრებიდან კი არ დაფიქრდე, არა, მისი ცხოვრებიდან, მისი გაჭირვებული, ვერ დალხინებული ცხოვრებიდან.
ესაა ზუსტად მორალური უპირატესობა, ერთმა მოცეკვავემ რომ თქვა და დაცინოდნენ, კანით იგრძნო, შეხედო მის გულწრფელ სიხარულს და იგრძნო, ძუნწები, ცუდები, ბოროტები ასე ვერ იცინიან, ასე ვერ უხარიათ.
ესაა ზუსტად მორალური უპირატესობა, კონკრეტულ დეტალში შეხვიდე და არ გამოხვიდე, სანამ არ გაიგებ, სანამ არ გაიაზრებ და რომ ენდო, ენდო, რომ ასე იყო საჭირო, რომ ის ცუდის გამკეთებელი არ იყო, რომ ისე დადგა, როგორც ძალუმდა, და თუ მაინც დაგრჩება კითხვა, რატომ, რისთვის, როგორ, რანაირად, უბრალოდ გაითავისო, რომ ზოგჯერ და არც ისე იშვიათად, სიმართლე არაა სწორხაზოვანი, ჩარჩოში მოქცეული….

ასევე დაგაინტერესებთ