თამო კეშელავა: ბიზნესი, გინდა გადარჩე? ჩვენი ქვეყნის და ჩვენს გარეშე, ვერ გადარჩები

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ჩვენ ბევრნი ვართ.
იმაზე მეტნი, ვიდრე ვინმეს კი არა, თავად გვგონია.
ჩვენ, ვისაც შვილების უკანონოდ, უსამართლოდ დაჭერა არ გვინდა.
ჩვენ, ვისაც ღირსეული სამუშაო და ღირსეული სიბერე გვინდა.
ჩვენ, ვისაც ცემით დასისხლიანებული შვილების ნახვა არ გვინდა.
ჩვენ, ვისაც არ გვინდა ადამიანს, სამკურნალოს ფულის აგროვება და ლოდინი უწევდეს.
ჩვენ, ვისაც არ გვინდა შიმშილით დახოცილი ადამიანების ნახვა.
ჩვენ, ვისაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.
ნაწილს არ სჯერა, რომ ეს მას და მის ოჯახს შეეხება.
ნაწილმა ყველა დღე რომ არ იმუშაოს ოჯახს ვერ შეინახავს, შვილს ვერ აჭმევს.
ნაწილი 12 საათი მუშაობს დღეში.
ნაწილი 12 საათიანი მუშაობის მერე, კიდევ რომ გარეთ ზედიზედ გავიდეს 10 დღე, უბრალოდ წაიქცევა.
ნაწილს წამლის ფული აქვს ასაგროვებელი და ნაწილს – ბინის, ნაწილს – სწავლის.
ნაწილი თვლის, რომ რაკი ეს გრძელვადიანი პროცესია, საჭირო დროს და მომენტს რომ იგრძნობს, დაინახავს, მაშინ გამოვა.
ნაწილს არ სჯერა ბრძოლის იმ გზის, რასაც დღეს ხედავს.
ნაწილი ელოდება მეტ სანქციას.
ნაწილი უყურებს ბიზნესს, ვინც ერთი, ჯანდაბა, ერთი სრული დღე ვერ გაიფიცა და ფიქრობს, მას თუ არ ეშინია, ალბათ, მართლა არაფერია საშიში.
ჩვენ ბევრნი ვართ, წარმოუდგენლად ბევრი.
სხვანაირად არც იქნება, რთულია იპოვ ადამიანი, ვისაც უნდა მისი შვილის წამებას აყურებინონ.
მისი შვილის და დედის, მამის და ცოლის, ქმრის და დის სიკვდილს აყურებინო.
მოსამართლის და, იმ მოსამართლის, რომელიც უკანოდ ყრის ხალხს ციხეებში, მიდის და მისი ძმის დაკავებულებს საჭირო ნივთებს უგზავნის…
ჩვენ ბევრნი ვართ, ერთი შეხედვით, ქუჩაში არ ვჩანვართ ბევრნი, ამას თავის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.
ზოგი წერს, რომ ხალხს შეეშინდა.
არაა ეგრე, ვისაც 20 ივნისს არ უნახავს, როგორ მოდიოდა და მოდიოდა ხალხი დარბევის დაწყების მერე, როგორ გამოდიოდნენ ქუჩებში და ეძებდნენ დაკავებულებს თუ დაზარალებულებს, მხოლოდ იმან იცის, რომ არა, ჩვენ შეშინებულნი არ ვართ.
პირიქით, არ შეგვშინებია სათანადოდ.
ვერ გავაგებინეთ ნაწილს, რომ ეს საფრთხე რეალურია და მის შვილსაც შეეხება.
ვერ დავაჯერეთ, რომ მათაც იგივე გზის გავლა მოუწევთ, ოღონდ, უკვე მარტოებს, რადგან მანამდე ამბის გამომტანს, ხელის გამწვდენს არ დატოვებდნენ.
ეს შიში ვერ დავანახეთ.
შეშინებული, შვილის უბედურებით დაშინებული ქართველი არ იმალება, არ ყოფილა ეგ არასოდეს და არ იქნება.
არ ეშინია ჯერ სათანადოდ.
ვერ იაზრებს ჯერ სათანადოდ.
რაღა უნდა მოხდესო, იკითხავ, ხომ?
კი, და გეტყვის, რომ მანამდე შვილი მოუკვდება შიმშილით.
რომ ეს 200 ზე მეტი დღე რომ ევლო სამსახურის მერე, 10 დღეში წაიქცეოდა და ყოველ დღე რომ გაეცდინა სამსახური – მშიერი მოკვდებოდა.
ეკონომიკურ თავისუფლებას ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ამიტომ და ამაშია ქართული ბიზნესი უდიდესი დამნაშავე.
ჩვენ ვართ ბევრნი.
შედით მაღაზიებში, აფთიაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებშიც კი, დადუმებულ სკოლებშიც კი – ჩვენ ვართ მეტნი.
შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად.
დავღუპულვართ, ასე რომ არ იყოს.
თავიდან მიჭირდა, უცხო ადამიანს, მაღაზიაში თუ ტრანსპორტში რომ ვეკითხებოდი – სალამი, რას ფიქრობთ პოლიტიკაზე?
რთული იყო და მერე ეს ეჭვიანი მზერა.
მერე ვეუბნები, რომ მხოლოდ ის მაინტერესებს, რობოკოპების მხარესაა თუ შვილების.
შვილების, ცხადია, იყო მგონი 3–5 ადამიანი, ამ რამდენიმე თვეში, ვინც მითხრა, შვილების, მაგრამმმ და ნუ, საბოლოოდ რობოკოპების მხარეს აღმოჩნდა, მაგრამ ისიც კი, სიტყვითაც კი, ვერასოდეს იტყვის, რომ შვილების მხარეს არაა და მით უფრო არ იტყვის საქმით.
მოკლედ, ჩვენ ბევრნი ვართ, არ ვიცი, ბევრნი ერთად როდის დავდგებით, მჯერა, დავდგებით.
მთავარია, დღეს და ახლა იცოდეთ, რომ ჩვენ იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე ვინმე სხვას კი არა, თავადაც გვგონია.
და ყოველი ახალი დაპატიმრებისას, ყოველი ახალი ცემისას, ყოველი ახალი რეპრესიული კანონისას, ჩვენ ვბევრდებით.
არ დაგავიწყდეთ ეს, მაშინაც კი, როცა გგონიათ, 5 ადამიანი დგას თქვენს გვერდით…
მაშინაც, თუ მოიხედავ, მართლაც 5 ადამიანი დგას.
ჩვენ იმდენად ბევრნი ვართ, იმდენად ერთნი ვართ, 2020–ის სცენარზე კარგი პირი არ უჩანს, ოპოზიციის ნაწილს, ისეთი პირი უჩანს, ვერ გააქვს ეს მერობის .
ჯერ ჩვენ ვკარნახობთ თამაშის წესებს, რთულად, მძიმედ გამოდის, მაგრამ კი, გამოდის და რაც მეტად ვიზამთ ამას, მით უკეთ მივეჩვევით ჩვენც და ისინიც, რომ ხალხისაა პოლიტიკა. პოლიტიკოსი კი, ხალხის აზრის გამტარი.
და ნუ მოვთხოვთ, ჩვენს მეზობლებს და მეგობრებს, ყველაფერი მიატოვონ, პირიქით, სათავეს მოვთხოვოთ, ბიზნესს.
თუ გაიფიცება ნიკორა – მის ყველა თანამშრომელს ეცოდინება, რომ ის არც ხელფასს დაკარგავს და არც სამსახურს.
ყველა არ გამოვა, ზოგს დასვენება ექნება მონატრებული, მაგრამ მათი დიდი ნაწილი გამოვა.
ადამიანებს ერთ დღეში ვერ მივცემთ ფინანსურ თავისუფლებას, მაგრამ შეგვიძლია მივცეთ ფინანსური დაცულობის შეგრძნება.
და თუ ჩვენ მოვახერხეთ და ამდენი თვის მანძილზე შევაჩერეთ ოპოზიციის ნაწილის არჩევნებისკენ სვლა, იმასაც მოვახერხებთ, რომ ვაიძულოთ დადგნენ ხალხთან. და იმასაც მოვახერხებთ, ვაიძულოთ ბიზნესი, – გააკეთოს არჩევანი.
ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საქმით და არა – სიტყვით!
დროა, დავინახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, მიუხედავად, რამდენი გამოდის გარეთ, მერე, დროა ეს დავიჯეროთ და როცა დავიჯერებთ, სხვასაც დავანახებთ, მათ შორის – ბიზნესს.
ბიზნესი, გინდა გადარჩე?
ჩვენი ქვეყნის და ჩვენს გარეშე, ვერ გადარჩები.
ხოდა, გინდა გადარჩე? –
გაიფიცე ერთი დღე და მორიგეობით!