ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ანდრია ჯაღმაიძე, იცი, ის გოგო მოკვდა, ობოლი, ქვრივი, ორ ობოლ შვილს, ავადმყოფ დედას, შშმ ძმას მარტო რომ პატრონობდა, სიმსივნე რომ დაუდგინდა და დასახმარებლად რომ მოვიდა საპატრიარქოში.
ეზოშიც რომ არ შემოუშვეს, ჩვენი საპატრიარქოს ეზოში… შენი სასახლის ბანს არ მომდგარა…
ვერ იჯერებდა, რომ არ იყავით ხალხისთვის, ვერ იჯერებდა, რომ საპატრიარქოს სახელობის ამდენი კლინიკა გაქვთ, ამდენ ბიზნესმენს ახევთ ფულს ქრისტეს სახელით, ამდენ ბიზნესმენს ემათხოვრებით ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული, ყავით დამთავრებული, სახელმწიფოდან ცალკე მიგაქვთ საწყალი, ღატაკი ხალხიდან ამოღებული ფული და არც ქვრივისთვის ხართ, არც ობლისთვის, არც გაჭირვებულისთვის და არც ავადმყოფისთვის.
ვერ იჯერებდა და რომ გადამერწმუნებინა არც ის მინდოდა, იქნებ, ვცდებოდი, ამ ერთხელ, იქნებ მე ვცდებოდი.
წერილიც არ დაიტოვეთ.
უარი რომ უთხარით წერილის დატოვებაზე, წერილის მიღებაზეც კი უარი რომ უთხარით, მაინც დავტოვებო–თქვა და იმ თქვენს ჯიხურში დაუდო ქალს მისი პირველი და ბოლო წერილი თქვენდამი…
წერილი აიღო იმ ქალმა, და სახეში ესროლა…
პირდაპირი გაგებით სახეში ესროლა და მოაძახა, თავი დაგვანებეთ, რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღიაო…
მაშინ გავიგე პირველად, რომ სიხარბით დასიებულები თანამშრომლებს ხელფასსაც არ უხდით და მაქსიმალურად აბოროტებთ, ღვთის სახელით თან…
არადა, რამდენ ბიზნესმენს ატყუებთ, რამდენ ადამიანს ართმევთ ბოლო ლუკმას, იმ დაპირებით, რომ ხალხს ეხმარებით, რომ ავადმყოფებს, ობლებს არგიხართ…
იმ წერილში ეს ჩემი მეგობარი გწერდათ, რომ ობოლია, მამა დიდი ხნის წინ დაკარგა, ობოლია და ქვრივი, ქმარიც გარდაეცვალა, პატარა შვილებით ხელში დარჩა და თავადაც ობლად ზრდის წლებია შვილებს, რომ ავადმყოფი დედა ჰყავს, რომ შშმ პირია მისი ძმა, რომ მისი სიკვდილით 4 ადამიანი რჩება უპატრონოდ და მიუხედავი. გეხვეწებოდათ, ღმერთო, როგორ გეხვეწებოდათ, სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებოდით, რათა შვილები გაეზარდა და მოხუცი, ავადმყოფი დედა და შშმ პირი ძმა არ დაჰხოცოდა უპატრონობისგან.
და ღვთისნიერი უარიც არ უთხარით…
არც კი მოუსმინეთ.
წერილი ესროლეთ სახეში.
იმ საღამოს ტიროდა, ტიროდა, ტიროდა და ყველა მისი იმღამინდელი ცრემლი მინდა დაგხვდეს იმ ქვეყნად, ჯაღმაიძე, განსასჯელის სკამზე, ყველა მისი იმღამინდელი ცრემლის გამო მინდა ცალ–ცალკე და ერთიანად აგო პასუხი.
იმავე საღამოს მე მოგწერე პირადად მობილურზე, ზარს არ პასუხობდი.
გახსოვს რა მიპასუხე? – კი მასეა, მართლა ვერ ვარიგებ ხელფასსო, ვერც ვერავის ვეხმარებითო, წერილის სახეში სროლაზე პასუხი საერთოდ არ გაგიცია, მოგეწონა, სავარაუდოდ…
არა, სიმსივნით არ დაღუპულა.
ღმერთი თავად მივიდა მასთან. ასე უწევს ღმერთს, მის სახლში, მისი სახელით თქვენი ჩადენილი სიბოროტის გამო მარტო სიარული და ღვთის მსახურებს გარეთ, სახე თვისის პოვნა ადამიანების დასახმარებლად.
ან, იმ შენობაში, სადაც ხალხს არ უშვებდნენ, ღმერთს რა ესაქმებოდა?
ღმერთი რო ღმერთის სახლიდან გამოაგდეთ, ადგა და თავად მოვიდა, მოვიდა და ამ ჩემი მეგობრის ცრემლებს პეშვი შეუშვირა და ვიცი, სათითაოდ დაითვალა, რომ სათითაოდ მოგთხოვოს უგულობისთვის, ურწმუნოებისთვის, სიხარბისთვის, მოყვასის მიტოვებისა და გაწირვისთვის, იმისთვის, რომ უფლის სახლების უმრავლესობა ბიზნესად აქციეთ და ახლა, იმის მადლიერნიც კი არ ხართ, რომ არ შემოვდივართ და ამ სავაჭრო დახლებს არ გიფრიალებთ ჩვენი ღმერთის სახლებიდან ქუჩებში, ახლა, სიმართლის თქმის მოთხოვნა შეურაცხმყოფელიაო, მაგის თქმასაც ბედავთ.
სიმართლის მთქმელი ღმერთის სახელით იძახით ამას თან.
არა, სიმსივნით არ მომკვდარა ჩემი მეგობარი.
იცოცხლა მაგის მერე.
ისე იცოცხლა, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს უხსენებიხარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან – არა, არ არსებობდი მისთვის, არ ჰქონდა შენნაირების დრო, სიცილი უყვარდა, კარგი ადამიანები, კარგი ამბები, შენზე ფიქრში როგორ გალევდა ნაჩუქარ წუთებს, მასთან ღმერთი ჩამოვიდა, მისი სიცოცხლის გადასარჩენად და მისი ცრემლების დასათვლელად.
ობლად გაზრდილმა, გაზარდა მისი ობოლი შვილები, და ის იყო, უმცროსიც სრულწლოვანი ხდებოდა, როცა უბედური შემთხვევით დაიღუპა.
ვნახე დღეს, როგორ ურცხვად ცრუობდი.
ვნახე დღეს, როგორ ცდილობდი, სიმართლის თქმა წარმოგეჩინა შეურაცხმყოფელად.
ვნახე დღეს, როგორ ძველბიჭობდი.
თქვენ ჩემი ძმა უნდა იყოთ და მე არ უნდა ვიყო თქვენი ძმაო, რომ ამბობდი.
ვნახე დღეს, როგორ იბარებთ, საქმის გასარჩევად მღვდლებს.
ვნახე დღეს, რა გგონია კაცობა და ვაჟკაცობა და ჩაცუცქვაღა გაკლდა და გადანერწყვება, მერე კი, ნეკა თითით ყურის გამოფხეკვა…
და მომინდა მეთქვა, რომ ისეთი საცოდავი ხარ, ისეთი საწყალობელი, როგორც ვარსქენი, ისეთი უმოწყალო, როგორც ატროშანის მაღიარებელი, ისეთი გლახაკი სულიერად, ვითარცა ჭეშმარიტების უარმყოფელი მომხვეჭელი…
შეხვდები, აუცილებლად შეხვდები საკუთარ სულს, შეხვდები და შეგეშინდება, ისე შეგეშინდება, საკუთარი სულის დანახვის, საკუთარ სულთან მარტო დარჩენის ისე შეგეშინდება, ეს იქნება შენი მთავარი ჯოჯოხეთი…
ის გოგო მოკვდა, ჯაღმაიძე, ის გოგო, ობოლი და ქვრივი, მისი ობოლი შვილების გასაზრდელად რომ უნდოდა სიცოცხლე და მოსაკლავად რომ გაიმეტე და გაწირე უფლის სახელით, დახმარება არც კი რომ სცადე, ის გოგო მოკვდა და შენს ადგილას, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დიდხანს მეცოცხლა, ჯაღმაიძე, დიდხანს, ძალიან დიდხანს, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს, რათა რაც შეიძლება გვიან ეკითხა ღმერთს – ჩემს სახლში გაჭირვებული ადამიანის სახით მოსული რად არ შემომიშვი, უბადრუკო?!
და მღვდლები? სიმსივნით, უპატრონობით, უექიმოდ გარდაცვლილი მღვდლები?
ღატაკი სოფლების პატიოსანი მღვდლები?
მომხვეჭელები ხომ ერთად ხართ შეყრილნი, საძმო ვართო, კი იძახდი, მაგრამ საძმოს ელიტას რომ პატიოსანი მღვდლებისთვის არაფერი ემეტება, ხომ ვიცით და ვხედავთ?
ის გოგო მოკვდა, ჯაღმაიძე, ის გოგო, რომლის გადასარჩენად წამწამიც არ გაატოკე და ღმერთი აიძულე, თავად ჩამოსულიყო და ხელში აეყვანა, მეორე ჯერზე ვეღარ ჩამოვიდა მის გადასარჩენად ღმერთი, სხვა ობლებიც, სხვა გაჭირვებულებიც, სხვა ავადმყოფებიც, სხვა ქვრივებიც ასე გყავთ მიგდებული მხოლოდ მის ანაბარად, ვინ იცის, იმ ერთხელ, შენ, ღვთის მსახურად წოდებულს რომ გადაგერჩინა, მეორედ – ღმერთს მოეხერხებია ჩამოსვლა, რომელიმე ადამიანის სახით… ვინ იცის…
რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ როგორც “ქართული არაა მხოლოდ ენა”, ისე არაა მკვლელობა მხოლოდ ტყვიის სროლა, დანის დარტყმა და საწამლავით მოწამვლა…