“ლუკა კინწურაშვილი პოლიციის თვითნებობის ახალი მსხვერპლი გახდა.
დღეს, 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა გააჩერა და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა. მან ამის შესრულებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც დაუკავშირდა ჩვენს ადვოკატს, Mariam Pataridze-ს, და დახმარება სთხოვა.
მარიამმა ტელეფონით პოლიციას მოსთხოვა განმარტება, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით სთხოვდნენ ლუკას პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება.
პასუხად, პოლიციამ ლუკას ტელეფონი წაართვა და მას შემდეგ, 20:00 საათიდან, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
შსს-ში დავრეკეთ, ვცადეთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ დრომდე არანაირი სიახლე არ გვაქვს.
ლუკას ოჯახის წევრებმა 4 საათის შემდეგაც არაფერი იციან მის შესახებ. წარმოიდგინეთ მათი და ჩვენი მდგომარეობა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლუკა პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2024 წლის ივლისში, ის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და მის მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობა განახორციელა.
მაშინ, ქუჩაში, ზოომაღაზიაში მიმავალს, პოლიციამ გზა გადაუღობა. როცა ლუკამ უკანონო შემოწმებას პროტესტი გამოუცხადა, ძალით ჩატენეს დაბურულფანჯრებიან მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
იქ მას ეკითხებოდნენ, თუ რას ფიქრობდა „გადახრილებზე“ და 17 მაისზე, სთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანია), ეკითხებოდნენ მის დამოკიდებულებას აბორტზე და სხვა საკითხებზე.
საპოლიციო ძალადობა და თვითნებობა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სიმბოლურ ადგილებში შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ აგრესიით. ის ქუჩებში გამოვიდა და ყოველდღიურ, ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.
თვალში თუ არ მოუხვდი ამ მასკულინურ, დახურულ, უკონტროლო და დაუსჯელ სისტემას, შეუძლიათ ისე დაგაკავონ და მოგექცნენ, რომ სრულად დაუცველი დარჩე.
შეუძლებელია ასე გაგრძელება.
დროულად მოგვაწოდეთ ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფელის და მდგომარეობის შესახებ,” – წერს სოციალურ ქსელში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე.