თამთა მიქელაძე – ერთეული რესპირატორი და უსაფრთხოების საშუალებები არ შეიძლება ჩაითვალოს აქციის მხარდამჭერ მობილიზებად – ე.წ. წიწაკის სპრეი შევიძინეთ თანამშრომელი ქალებისთვის, რომლებსაც ძალადობით და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ერთეული რესპირატორი, სათვალეები, კეპები, გაერო-სა და ეუთო-ს მიერ დადგენილი სტანდარტებით შეძენილი სამედიცინო და უსაფრთხოების საშუალებები არ შეიძლება ჩაითვალოს აქციის მხარდამჭერ „რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად“.
როგორც მან ჟურნალისტებს ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განუცხადა, საქართველოში სახეზეა სამოქალაქო საზოგადოების რუსული ტიპის განადგურება.
რაც შეეხება „წიწაკის სპრეს“, მიქელაძემ განმარტა, რომ ის მისი ორგანიზაციის ქალი თანამშრომლებისთვის შეიძინეს, მათ კრიზისულ სიტუაციაში თავი რომ დაეცვათ.
„ვფიქრობ, რომ ამ პროცესების მთავარი მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურის შუამდგომლობით 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუშაობა გაჩერდა და ჩვენ გაგვხადეს დისფუნქციურები. საქართველოში ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების რუსული ტიპის განადგურებას, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი და არა ის, რასაც დღეს გამოძიება ცდილობს, თითქოს, გამოგონილი არგუმენტებით აქეთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ისაუბროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ორგანიზაციების გადასარჩენად ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე პასუხის გაცემა უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოუწევს.
გამოძიება იკვლევდა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მიმდინარე აქციებთან კავშირში ჩვენს როლს. ჩვენ ხაზგასმით ვისაუბრეთ პოლიციის თვითნებობასა და სასტიკ ძალადობაზე. ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 7-ჯერ 7 ნოემბრის მსგავსად დაარბია. ამ დროს ხდებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები. ძალადობის 280-ზე მეტი შემთხვევა აქვს დადოკუმენტირებული სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპეციალური საშუალებების თანადროული გამოყენება ხდებოდა მიჯრით და მხოლოდ ერთი შემთხვევის გარდა, პოლიციამ მოქალაქეები არც კი გაფრთხილა შეკრებების დაშლის შესახებ. ჩვენ პირიქით ვესაუბრებით უმძიმეს დარღვევებზე, ძალადობასა და სისასტიკეზე, რომელიც თავად პოლიციამ გამოაჩინა. ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ, უფლებადაცვითი ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესების საათობრივ აღრიცხვასა და მონიტორინგს ვაკეთებდით, ამ ძალადობისა და რისკის ზონაში თანამშრომლებისთვის გვჭირდებოდა უსაფრთხოების საშუალებები. ერთეული რაოდენობის რესპირატორები, სათვალეები, კეპები, გაერო-სა და ეუთო-ს მიერ დადგენილი სტანდარტებით შეძენილი სამედიცინო და უსაფრთხოების საშუალებები არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად.
რაც შეეხება „წიწაკის სპრეის“, მინდა, საზოგადოებას განვუმარტო: ჩვენი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე რამდენიმეწლიან შევიწროებასა და დევნას განიცდის. ჩვენთან ჯერ „ალტ ინფოს“ ხალხი მოდიოდა და ძალადობით, სიკვდილითა და გაუპატიურებით გვემუქრებოდა, შემდგომში მათი „ტიტუშკები“ მოვიდნენ ჩემს სახლთან, გააკრეს ფოტოები, გააკეთეს ბინძური წარწერები და ამით ნიშანიც მოგვცეს, რომ იცოდნენ სად ვცხოვრობდი და შეეძლოთ მოახლოება. პრაქტიკულად, ფიზიკური უსაფრთხოების რისკების წინაშე დაგვაყენეს. ამიტომაც შევაფასეთ ის რისკები, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს ამ სასტიკ რეალობაში ედგათ და ქალებს, რომლებიც ჩვენი თანამშრომლების 90%-ს შეადგენს, შევუძინეთ ეს საშუალებები. ეს იყო კრიზისულ სიტუაციაში თავდაცვის საშუალება“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.